პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტის 89 წევრის სარჩელს ფედერალისტები დაემატება. კორექტირებულ სარჩელში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ახლიდან წარედგინება, მოთხოვნილი იქნება, რომ ქვეყანაში აიკრძალოს "ახლები", "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო" და "ფედერალისტები".
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეალურად, ყველა ეს პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს, სარჩელის საფუძვლად კი სახელდება ამ პარტიების მხრიდან 2004-2012 წლებში განხორციელებული სისტემური დანაშაულები და 2012-2026 წლებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ გატარებული საბოტაჟის ტაქტიკა.
"ოპოზიციურმა რადიკალურმა ძალებმა დააანონსეს ე.წ. ოპოზიციური ალიანსის შექმნის თაობაზე და ამ ალიანსის შექმნის მიზნად დაასახელეს ის, რომ მათ სურთ გააგრძელონ არჩევნების არალეგიტიმურობის პოლიტიკა, ასევე, ხელისუფლების ორგანოების არალეგიტიმურად ცნობის პოლიტიკა. ისინი საუბრობენ ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციების გზით ხელისუფლების შეცვლაზე, რითაც, რეალურად, ისინი შენიღბავენ მათ მიზანს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რაღაცნაირად, რევოლუციური თუ არაკონსტიტუციური პროცესებით, მოხდეს ხელისუფლების დამხობა და მათი ხელისუფლებაში მოსვლა.
რა თქმა უნდა, ეს მისია მათთვის შეუსრულებელი იქნება, მაგრამ ეს არის ქმედებები და ეს ის შემთხვევაა, რომელიც ჩვენ გვაიძულებს, რომ ვიმსჯელოთ სწორედ ასეთი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ვინაიდან ამ ალიანსში ერთ-ერთი ლიდერია ფედერალისტების პარტია, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მეოთხე პარტიის - "ფედერალისტების" არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დადგეს საკონსტიტუციო სასამართლოში," - აცხადებს გიორგი კახიანი.