18 ივნისი 2026,   14:29
ვრცლად
ევროკომისია კონტროლის ხელში აღებას ცდილობს, რაც ევროკავშირის შეთანხმებასთან შესაბამისობაში არ მოდის - შარლ მიშელი

შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენს "ძალაუფლების მიტაცებაში" ადანაშაულებს

ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შარლ მიშელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა და ევროკომისია ძალაუფლების მიტაცებაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ მან გამოცემა The Brussels Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მედიის ინფორმაციით, ბელგიისა და ევროკავშირის ყოფილ ლიდერთან ინტერვიუმ, გამოააშკარავა მასსა და ევროკომისიის მოქმედ პრეზიდენტს შორის არსებული ღრმა მტრობა. მიშელი კვლავ საუბრობს "სოფაგეიტის" სკანდალზე, რომელიც ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული სამიტის დროს მოხდა.

მიშელი მომხდარს არ ნანობს. "პროტოკოლი სრულად იყო დაცული", - ამბობს ის და ევროკომისიას ადანაშაულებს, რომ მათ ეს ეპიზოდი საკუთარი როლის გასაძლიერებლად გამოიყენეს.

მიშელი მკაცრად აკრიტიკებს ევროკომისიას უფლებამოსილების გადამეტების გამო და აცხადებს, რომ გარკვეული კომისრები გვერდზე არიან გაწეულები და იგი ფონ დერ ლაიენს "ავტორიტარულ მმართველობაში" სდებს ბრალს.

"დღეს კომისია კონტროლის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რაც ევროკავშირის შეთანხმებასთან შესაბამისობაში არ მოდის", - განუცხადა მიშელმა The Brussels Times-ს.

გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, რომ "აშშ-ის მტრული პოზიციის მიმართ ევროკავშირის პასუხი მცდარი და სუსტი იყო". მაგალითად მას მოჰყავს ყოფილი კომისრის, ტიერი ბრეტონის მიმართ შეთანხმებული რეაგირების არარსებობა.

დღის ამბები