პარლამენტის თავმჯდომარე, Trump Tower-ის მასშტაბურ პროექტზე საუბრობს,
მისი შეფასებით, ასეთი დონის ბრენდის საქართველოში შემოსვლა გაზრდის ინვესტიციებს ქვეყანაში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს მნიშვნელოვანია, ასეთი ბრენდის შემოსვლა საქართველოში და ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ქვეყნის შესაძლებლობებს ნდობას უცხადებს:
"ერთის მხრივ, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემით, საქართველო მსოფლიოში ლიდერია ეკონომიკური განვითარების ტემპებით. მეორეს მხრივ, საქართველო არის მშვიდობისა და სტაბილურობის კუნძული, იმ რეგიონში, სადაც გარშემო ახალი კონფლიქტები იწყება და მწვავდება. მესამე, საქართველოს არსებული მმართველობა არის ერთ-ერთი წარმატებული და ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ იქნება ეს კორუფციის დაბალი დონე, კარგი მმართველობის რეიტინგები, საქართველო არის ლიდერი. სწორედ ამ პირობების გამო, საქართველოში შექმნილია კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად მიმზიდველია საქართველო ყველასთვის. რა თქმა უნდა, ეს პროექტიც სწორედ ამაზე მეტყველებს, როდესაც ტრამპის კომპანია საკუთარი ბრენდით შემოდის საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს არსებულ გარემოს. რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი და სწორედ საკუთარი რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნეს პროექტში. ეს ფაქტი ინვესტიციების მოზიდვისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ბრენდი შემოდის და ნდობას უცხადებს საქართველოს და მის შესაძლებლობებს. ასევე, წაახალისებს არამხოლოდ ინვესტიციებს, არამედ, ზოგადად, უძრავი ქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისში დაგეგმილი ახალი პროექტის, შესახებ პირველად ამერიკულმა პრესამ დაწერა, მალევე მას მოჰყვა ოფიციალური განცხადება უშუალოდ Trump Organization-ის მხრიდან.
ტექსტში წერია, რომ ცათამბჯენი თბილისში ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აშენდება. პროექტს არქიტექტურული გიგანტი "გენსლერი" დააპროექტებს და ის მაღალი კლასის რეზიდენციებს, სავაჭრო და დასასვენებელ სივრცეებს გააერთიანებს.