02 აგვისტო 2026,   07:18
ვრცლად
ახალი თაობის ხედვა, ახალგაზრდული ძალა და მათი მონაწილეობა ქვეყნის შენების საქმეში - "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის შეხვედრები რეგიონებში

ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე სასაუბრო ახალგაზრდებს ბევრი აქვთ. ახალი თაობის ხედვა, ახალგაზრდული ძალა და მათი მონაწილეობა ქვეყნის შენების საქმეში გადამწყვეტია.

რეგიონებში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან გრძელდება. ამჯერად შეხვედრა გურიის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ისევ კითხვა-პასუხის ფორმატში ჩატარდა. დაიგეგმა ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტებიც.

ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევები - ფორუმზე იმსჯელეს ყველა თემაზე, რაც ახალგაზრდების მომავალს განსაზღვრავს. შეკითხვები დაისვა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებითაც.

ახალგაზრდები დაინტერესდნენ განათლებისა და დასაქმების საკითხებითაც.

აქციები, ძალადობა, პოლარიზაციის დასრულების გზები - შეხვედრაზე დაისვა შეკითხვა, რომლის ადრესატიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შვილი, ცოტნე ივანიშვილი იყო. მან შეკითხვის პასუხად თქვა, რომ გმობს ძალადობას და პოლარიზაციის დიალოგით ჩანაცვლების რესურსს ახალგაზრდებში ხედავს.

განსხვავებულ პოზიციაზე მყოფ, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებულ ახალგაზრდებს შორის დაწყებული დიალოგი შედეგიანი რომ იქნება, ამაში ცოტნე ივანიშვილი დარწმუნებულია.

ახალგაზრდების ინიციატივა და შეკითხვები უპასუხოდ არ დარჩება - ამის შესახებ ვარლამ ლიპარტელიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ახალგაზრდებს შორის დისკუსიის თემატიკა წინასწარ განსაზღვრული არ არის და სრულად დამოკიდებულია შეკრებილი აუდიტორიის ინტერესებზე.

ახალგაზრდული შეხვედრების მიზანია, რომ ისინი ქვეყნის შენების პროცესში იყვნენ არა დამკვირვებლები, არამედ პროცესების უშუალო მონაწილეები.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში 28 მარტს დაიწყო. გურიის გარდა, ფორუმი უკვე ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.

სტუდენტებთან შეხვედრები 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში კი, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, ახალგაზრდებთან მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქალაქებში შესახვედრად ემზადებიან.

დღის ამბები