07 აგვისტო 2026,   03:18
ვრცლად
ახალი წესები ურბანული გარემოსთვის - რა პრინციპებით უნდა განვითარდეს ურბანული სივრცე ქვეყნის მასშტაბით

დასახლებები მხოლოდ ქუჩებისა და შენობების ერთობლიობა არ არის - ეს არის სივრცე, სადაც თითოეული ნაგებობა საკუთარ ისტორიას ჰყვება, ძველს ახალი ცვლის და დროც ყველაფერზე საკუთარ კვალს ტოვებს. ამ მრავალფეროვნებაში კი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰარმონიას ენიჭება - ისეთ გარემოს, რომელიც ერთდროულად თანამედროვე მოთხოვნებსაც პასუხობს და სადაც იდენტობაც შენარჩუნებულია. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ ახალი, 547-ე დადგენილებით ურბანული გარემოს ფორმირების ძირითადი პრინციპები განსაზღვრა.

მთავრობის დადგენილება პირველი ივლისიდან ამოქმედდება. დოკუმენტი შენობა-ნაგებობების მახასიათებლების ძირითად კომპონენტებს განსაზღვრავს. სიახლემ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის ურბანული გარემოს ჩამოყალიბებასა და ადგილობრივი წარმოების განვითარებასაც.

როგორი უნდა იყოს შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლები და არქიტექტურული დეტალები, მაგალითად: სახურავი, ღობე, ფასადი, ფერთა პალიტრა - დეტალების დადგენაზე სპეციალურმა კომისიამ იმუშავა, რომელიც არქიტექტორებისგან, ხელოვნებათმცოდნეებისგან და სხვა დარგების სპეციალისტებით დაკომპლექტდა. პროცესს კოორდინაციას სივრცითი განვითარების სააგენტოს დაგეგმარების დეპარტამენტი უწევდა. საწყის ეტაპზე შეირჩა მასალები და ფერები, მომზადდა რენდერები, ამ ეტაპზე კი სამხარეო არქიტექტურული გზამკვლევები მუშავდება. სპეციალური კომისია, მუშაობის პროცესში, საერთაშორისო პრაქტიკას დაეყრდნო.

ქალაქების სწრაფი განვითარება ხშირად აჩენს კითხვას - როგორ უნდა შენარჩუნდეს ურბანულ სივრცეში ესთეტიკური და ფუნქციური ბალანსი? სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არქიტექტურული წესრიგის ჩამოყალიბება აუცილებელია, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის დასაცავად, ისე თანამედროვე გარემოს ჰარმონიული განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, დადგენილების მიზანი იმ ადგილობრივი მასალების გამოყენების წახალისებაა, რომლითაც დასახლებისთვის ინდივიდუალური, ავთენტიკური და გამორჩეული არქიტექტურული იერსახე უნდა შეიქმნას.

საველე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ქვეყანას თანმიმდევრული, ერთიანი რეგულაცია ჰქონდეს, რაც საბოლოოდ დასახლებების იერსახეს მოაწესრიგებს, აუცილებელია რეგიონული მახასიათებლების განსაზღვრა. ეროვნულის შემდეგ, სივრცითი განვითარების სააგენტო სწორედ დეტალურ გზამკვლევზე მუშაობს. გამოვლინდება გამორჩეული დასახლებებიც.

რეგულაციების შემუშავებაზე ეკონომიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო, არქიტექტურული განაშენიანებისთვის ახალ წესებს ადგენს, რაც ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, დასახლებების იერსახის და გარემოს მოწესრიგებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეგულაციის მიზანი და მთავარი ამოცანა, ქვეყნის მასშტაბით მაღალი ურბანული და ესთეტიკური სტანდარტების დანერგვაა. მთავრობის დადგენილება 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, იქამდე კი დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.

დღის ამბები