18 ივნისი 2026,   19:36
ვრცლად
მთავრობის ფორმირების ალბათობა დაბალია, რადგან "ბულგარეთის სამოქალაქო განვითარების მოძრაობა" არცერთ კოალიციაში არ მიიღებს მონაწილეობას - ბოიკო ბორისოვი ქვეყანაში მიმდინარე არჩევნებზე

ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ეს ბოლო ხუთ წელიწადში უკვე მერვე საპარლამენტო არჩევნებია, მასში ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტიც მონაწილეობს.

გამოკითხვის მიხედვით, იანვარში ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე გადამდგარი რუმენ რადევი და მისი ცენტრისტული მემარცხენე დაჯგუფება "პროგრესული ბულგარეთი" საზოგადოებაში 35%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს.

მეორე ადგილს, სავარაუდოდ, ბოიკო ბორისოვის პარტია "ბულგარეთის სამოქალაქო განვითარების მოძრაობა" დაიკავებს.

არჩევნებში მანდატების მოსაპოვებლად კიდევ რვა პარტია იბრძვის. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 ზე დაიხურება. საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს რუმენ რადევიმ და ბოიკო ბორისოვმა.

საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, პარტია "ბულგარეთის სამოქალაქო განვითარების მოძრაობის" ლიდერმა, ბოიკო ბორისოვმა განმარტა, რომ მისი პარტია არცერთ კოალიციაში არ აპირებს შესვლას, ამიტომ მთავრობის ფორმირების ალბათობა დაბალია.

"ჩემი აზრით, მთავრობის ფორმირების ალბათობა დაბალია, რადგან "ბულგარეთის სამოქალაქო განვითარების მოძრაობა" არცერთ კოალიციაში არ მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ უკვე წავედით კომპრომისებზე და ამიტომ, ამ მომენტისთვის, ვერავის ვხედავ, ვისთანაც კოალიციის შექმნას შევძლებთ. დაველოდოთ შედეგებს.

ჩვენი ქვეყანა ევროზონაში შევიყვანეთ, სადაც ამჟამად ღუზა ძალიან მყარად გვაქვს ჩაშვებული, იმედი მაქვს ის გაუძლებს და არ დაუშვებს ჩვენს აღმოსავლეთისკენ წასვლას. იმედია ხალხი მანამდე გააცნობიერებს ყველაფერს", - განაცხადა ბოიკო ბორისოვმა.

დღის ამბები