მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. დღეს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინება.
კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი - საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.
სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზ გიორგი სანამაშვილის თქმით, წირვის დასასრულს მისი უწმინდესობის საფლავზე პანაშვიდს გადაიხდიან.
"ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს გახლავთ კვირაცხოვლობა. თომა მოციქულის ხსენებას აღნიშნავს აღდგომის შემდეგ კვირას წმინდა ეკლესია. ამ დღესთან დაკავშირებით სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მაღალ ყოვლადუსამღვდელოესი მეუფე შიო აღავლენს დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურებას. წირვის დასასრულს, როგორც ყოველთვის, მისი უწმინდესობის საფლავზე იქნება პანაშვიდი გადახდილი", - აღნიშნა მამა გიორგიმ.