ნიკო ფიროსმანის მუდმივმოქმედ გამოფენაზე მის 48 ნამუშევარს შორის, განსაკუთრებული ადგილი სამ გამორჩეულ სააღდგომო ნახატს უკავია. ნამუშევრები მუყაოზეა შესრულებული. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია ზეთით შესრულებული ფერწერული ტილოები, ნამუშევრები შავ მუშამბაზე და თუნუქზე.
ფიროსმანის მუდმივმოქმედი განახლებული გამოფენის ფარგლებში ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტმა შექმნა არაერთი პროგრამა სხვადასხვა ტიპისა და ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისა და ინკლუზიური საჭიროების მქონე ვიზიტორებისთვის.
ფიროსმანი თბილისში უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს, მათ შორის არიან უცხოელი ტურისტები.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული გალერიის საგამოფენო სივრცეები განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კლიმატკონტროლის სისტემით აღიჭურვა. ექსპოზიცია კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა.
ფიროსმანის მუდმივმოქმედი გამოფენა ოთხ საგამოფენო სივრცეშია გაერთიანებული. ეროვნული გალერეის განახლებულ სივრცეში ახლა ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეროვნული საგანძური სათანადოდ იყოს დაცული.
ავტორი: ანი ხოშტარია