07 აგვისტო 2026,   13:01
ვრცლად
ტრენინგები იგორ ბლაჟევიჩისგან და რევოლუციური სცენარი - მმართველი გუნდი არეულობის მორიგ მცდელობაზე საუბრობს, ოპოზიცია კი ბრალდებებს უარყოფს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპული ფონდებიდან დაფინანსებულ ორგანიზაციაზე საუბრობს, რომელიც ჩეხეთში ფუნქციონირებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლების ოპონენტებს მორიგ რევოლუციურ სცენარს სწორედ "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. მას ჩატარებული აქვს 10-ზე მეტი ტრენინგი, ბოლო შეხვედრა კი რამდენიმე დღის წინ გაიმართა, რომელსაც, ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა, ორგანიზაცია "ფარის" დამფუძნებელი დავით გუნაშვილიც ესწრებოდა.

ჩეხი ტრენერი ოპოზიციურ ჯგუფებს სტრატეგიას უდგენს და ბრძოლის მეთოდებს ასწავლის. მას მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს უკრაინაში, ბელარუსში, მოლდოვასა და სერბეთში. იგორ ბლაჟევიჩი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებითაც. მისი სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ ის მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს და თავადაც აპროტესტებს "გამჭვირვალობის კანონს". სანქციები, წინააღმდეგობის გაწევა და ხელისუფლების ცვლილება - ამ საკითხებზე მან ჯერ კიდევ გასულ წელს ჩაატარა ღონისძიება, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი ენჯეოების წარმომადგენლები - თინა ხიდაშელი, გია ნოდია და საბა ბრაჭველი ესწრებოდნენ.

ბლაჟევიჩის ტრენინგებს ემიჯნებიან და მასთან კავშირს უარყოფენ ოპოზიციის წარმომადგენლები. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პოლიტიკურ საკითხებზე შეხვედრებს, ძირითადად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მართავენ.

რაც ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის მხოლოდ ვარაუდია, უმრავლესობისთვის ფაქტებით დადასტურებულ პრაქტიკად მიიჩნევა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი ოპონენტებისთვის, აკერმანისა და "კანვასის" ტრენინგების შემდეგ, ბლაჟევიჩის ინსტრუქციებიც კვლავ რევოლუციის უშედეგო მცდელობად დარჩება.

ოპოზიციური ჯგუფებისა და ჩეხი ინსტრუქტორის შესაძლო გეგმებზე ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მათ შორის უცხოელი პარტნიორების მხრიდანაც, და საკითხზე სამართლებრივ რეაგირებას აწარმოებს. უცნობია, უკავშირდებოდა თუ არა მამუკა მდინარაძის და მისი ორი მოადგილის, ასევე დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ჩეხეთში ვიზიტი იგორ ბლაჟევიჩის აქტიურ ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში და არეულობის დაგეგმვაშ. ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მაღალჩინოსნებთან ერთად ჩეხეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, უწყებამ გუშინ გაავრცელა. მათივე ცნობით, შეხვედრები ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან უსაფრთხოების საკითხებზე გაიმართა.

დღის ამბები