საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ვაშინგტონში იმყოფება. აშშ-ის დედაქალაქში ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. ქართულმა მხარემ მათ ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.
საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების მიმართ ინტერესი გამოთქვეს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გლობალურად, გეოპოლიტიკურად არსებული დაძაბული ვითარებისა, ასევე, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციისა, საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი ნარჩუნდება ძალიან მაღალ დონეზე. ინვესტორებმა დაადასტურეს მზაობა და სურვილი, გააგრძელონ ინვესტირება საქართველოს ფასიან ქაღალდებში. ამ მიმართულებით გვექნება სიახლეები - ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რომლის მიმართაც მაღალი ინტერესი ნარჩუნდება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.