06 აგვისტო 2026,   17:02
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი საპატრიარქოსა და გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ განცხადებების კეთებას აგრძელებს - მმართველი გუნდი ეკლესიაზე შეტევის ახალ ტალღაზე საუბრობს

წარსულს არ ნანობს და გარდაცვლილი პატრიარქის კრიტიკას აწმყოშიც აგრძელებს. ეკლესიაზე შეტევის ახალი ტალღის ავანგარდში პეტრე ცაავაა. ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, საპატრიარქოსა და მღვდელმთავრების დისკრედიტაციისთვის ამჯერად Youtube პოდკასტი გამოიყენა. 40 წუთიან გადაცემაში ცაავას ბრალდებების და შეურაცხყოფის ადრესატი პატრიარქი არაერთხელ გახდა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, პატრიარქისა თუ საპატრიარქოს მიმართ ცილისწამება ახალი არ არის. მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ თავდასხმების ობიექტი ილია მეორის შემდეგ, მისი მოსაყდრე მეუფე შიო გახდება.

ონლაინ გადაცემას, რომელშიც პეტრე ცაავა პატრიარქსა და საპატრიარქოს მძიმე ცოდვებში ადანაშაულებს, იწონებენ და ავრცელებენ ოპოზიციური პარტიების წევრები, მათი მხარდამჭერები და აქტივისტები. იზიარებენ თუ არა ისინი პეტრე ცაავას განცხადებების შინაარს? ადრესატების ნაწილმა დღეს პასუხის გაცემა არ ისურვა, ოპოზიციამ კი კონკრეტულ შეკითხვაზე თავის არიდება ზოგადი პასუხით სცადა.

ეკლესიაზე შეტევა, მისი შეურაცხყოფა და დაკნინება მმართველი გუნდისთვის ახალი არ არის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საპატრიარქოს დისკრედიტაციას ოპოზიცია და კონკრეტული სასულიერო პირები წარსულშიც ცდილობდნენ და ეს პროცესი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდება. პარლამენტის თავმჯდომარისთვის ეკლესიისა და საზოგადოების მტერია ყველა, ვინც პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედებს და ისიც, ვინც ამ კამპანიას ხელს უწყობს.

მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური აქტი - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა პეტრე ცაავას ინტერვიუ. ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი გადაცემებისა და პლატფორმების მთავარი მიზანი ეკლესიის დაზიანებაა.

პეტრე ცაავას და ოპოზიციის თავდასხმების ადრესატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი არაერთხელ გამხდარა.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები