პროზაიკოსები, პოეტები, მთარგმნელები, 120-ზე მეტი წიგნი და 10 გამომცემლობა - საქართველო პარიზში, გრან პალეს წიგნის ფესტივალზეა.
საქართველოს ეროვნული სტენდის კონცეფცია ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას წიგნის - "მოგზაურობა კავკასიაში" მოტივებზეა აგებული და დამთვალიერებელს ქართული მწერლობისა და კულტურის აღმოჩენაში ეხმარება.
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით, სლოგანით -"იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად" არის წარმოდგენილი და გამოფენის სტუმრებს არამხოლოდ ქართულ ლიტერატურას, არამედ ქართულ კინოს, მუსიკასა და კულინარიასაც აცნობს.
პარიზის წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მესამედ მონაწილეობს. ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ყოველწლიურად, 50-მდე ქვეყანასა და 1000-ზე მეტ ავტორს მასპინძლობს.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი