18 ივნისი 2026,   14:30
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთი დაძაბულობის ფონზე - ახალი ეტაპი კონფლიქტში

ბირთვული იარაღი რომ არასდროს ექნებოდა, ამას თეირანი წლების განმავლობაში ისედაც ამბობდა. დღეს კი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ისლამურ რესპუბლიკაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი ირანისგან სწორედ ამ შინაარსის განცხადების მოსმენა იყო. შტატების პრეზიდენტის განმარტებით, შეთანხმება შედგა, თუმცა ტრამპის ნათქვამს მეორე მხარეს ჯერ არავინ ადასტურებს.

ამასობაში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა ისრაელსა და ლიბანს შორის. დოკუმენტი ძალაში უკვე ოფიციალურად შევიდა. მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ისტორიულ შესაძლებლობას უწოდებს, ქვეყნის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ "მაღალ მზადყოფნაში" რჩებიან და მომავალში ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად იმოქმედებენ.

ლიბანში "ცაჰალის" მიერ განხორციელებული ოპერაციის მთავარი მიზანი ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლას" დასუსტება, საუკეთესო შემთხვევაში კი, მისი სრული განადგურება იყო. ამოცანა 100%-ით არ შესრულებულა, თუმცა დაჯგუფებაში ახლა ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ზედმიწევნით დაიცავენ - თუ მას ისრაელი არ დაარღვევს.

ირანის კრიზისი რეგიონის ფარგლებსაც გასცდა, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო ამერიკის შეერთებული შტატები ევროპული ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდებას აჭიანურებს. ინფორმაციას გამოცემა "როიტერი" ავრცელებს. როგორც სააგენტო ხუთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ვაშინგტონის წარმომადგენლებმა ევროპელ პარტნიორებს აცნობეს, რომ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების ვადები შეიცვლება. ამ ყველაფრის ფონზე, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ღიად ამბობს, რომ ამერიკის მონაწილეობის გარეშე ნატო ვერ იქნება ქმედუნარიანი, კერძოდ ვერ შეძლებს, მაგალითად, რუსეთიდან მომავალი ომის საფრთხესთან სრულყოფილად გამკლავებას.

ირანის კონფლიქტი, რომელიც რეგიონის ფარგლებს გასცდა და სხვადასხვა სახელმწიფოების პოლიტიკაზე პირდაპირპროპორციულად აისახა, 26 თებერვალს დაიწყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისლამური რესპუბლიკის სტრატეგიული სამხედრო ობიექტები და ურანის გამამდიდრებელი ცენტრები დაბომბა. მხარეებს შორის ახლა 15-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე კვირიანი ბლოკადის შემდეგ ირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ამის მიღმა შეძლებენ თუ არა დიპლომატები - თეირანიდან და ვაშინგტონიდან - ისეთი დოკუმენტის მომზადებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან დაპირისპირებას დაასრულებს.

დღის ამბები