რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს როლი მშვიდობის განმტკიცებაში და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა - ეს ის ძირითადი თემებია, რომელზეც თურქეთის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეებმა ისაუბრეს.
მხარეებმა, როგორც ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების განვითარებაზე, ასევე რეგიონული საპარლამენტო ფორმატების გააქტიურებაზეც ისაუბრეს. სწორედ საქართველო უმასპინძლებს სამი ქვეყნის - საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივ შეხვედრას. შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა შეხვედრაზე აქცენტს ქვეყნის ინტერესებზე აკეთებდნენ.
ქართულმა მხარემ სტამბოლში გამართული ყველა შეხვედრა ერთი მიზნისთვის - სტრატეგიულ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად გამოიყენა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონში რთული გლობალური გამოწვევებია.
გეოპოლიტიკა იყო წამყვანი საკითხი საქართველოსა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის დროს. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის წარმატებულ ურთიერთობებზე, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე.
საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე საქართველოს რამდენიმე ძირითადი გზავნილი ჰქონდა, ეკონომიკური გეგმების გარდა დელეგაციის წევრები ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარების პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობაზე აკეთებდნენ აქცენტს. ქართველი კანონმდებლების თქმით, შეხვედრების დროს მკაფიოდ საუბრობდნენ თუ რა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირი და რომ გარე ჩარევები, უსამართლო დამოკიდებულებები და ორმაგი სტანდარტი საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე გავლენას ვერ მოახდენს.
საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას თურქეთი მესამე დღეა მასპინძლობს. ფორუმს 70-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და ასობით კანონმდებელი ესწრება.