სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მოადგილეებთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
უწყების ცნობით, შეხვედრები ქვეყნის სპეცსამსახურების პირველ პირებთან უსაფრთხოების საკითხებზე გაიმართა. უცნობია, უკავშირდება თუ არა მამუკა მდინარაძის და მისი ორი მოადგილის, ასევე დაზვერვის სააგენტოს უფროსის ვიზიტი ჩეხეთში იგორ ბლაჟევიჩის აქტიურ ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში და არეულობის დაგეგმვაში. ინფორმაცია, რომ ჩეხი ინსტრუქტორი ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და აქტივისტებს ატრენინგებს, მედიაში გუშინ გავრცელდა. გუშინვე ითქვა, რომ საკითხზე უსაფრთხოების სამსახური ინფორმირებული იყო, მათ შორის, უცხოელი კოლეგების მხრიდან და სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებდა.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად ვინ არის ამჯერად ოპოზიციის ინსტრუქტორი. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში რევოლუციის მორიგ მცდელობას არ დაუშვებს.
ვინ გეგმავს დესტაბილიზაციას? - იგორ ბლაჟევიჩი "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერია. დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებით. მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს და აპროტესტებს საქართველოს პარლამენტში მიღებულ კანონებს, მათ შორი,ს გამჭვირვალობის კანონს. "ქრონიკის" ინფორმაციით, სწორედ ბლაჟევიჩი ეხმარება ხელისუფლების ოპონენტებს მორიგი რევოლუციური სცენარის მომზადებაში. მას ოპოზიციისთვის ტრენინგები წარსულშიც არაერთხელ ჩაუტარებია, ბოლოს კი ასეთი შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გამართა. ჩეხ ინსტრუქტორთან კავშირს დღესაც უარყოფდნენ ოპოზიციაში - მათ შორის ისინიც, ვისი ფოტოებიც თავად ბლაჟევიჩის სოციალურ ქსელშიც იძებნება.
უარყოფენ, თუმცა საჯარო წყაროებში საპირისპირო დასტურდება - გასულ წელს ჩატარებულ ღონისძიებაში, სადაც სანქციებზე, წინააღმდეგობის გაწევასა და ხელისუფლების ცვლილებაზე მსჯელობდნენ, მონაწილეობდნენ ოპოზიციურად განწყობილი ენჯეოების ხელმძღვანელები - თინა ხიდაშელი, გია ნოდია და საბა ბრაჭველი. სახელისუფლებო გუნდის თქმით, არ უკვირთ, რომ მათი ოპონენტები არეულობის მოსაწყობად დაფინანსებას ევროპული ქვეყნიდან იღებენ. ამბობენ, რომ ძველი მეთოდები, ახალი ტრენერის მიუხედავად, ისევ უშედეგოდ ჩაივლის.
ჩეხი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს, ოპოზიციურ ჯგუფებს უგეგმავს სტრატეგიას, ასწავლის ბრძოლის მეთოდებს და გამოცდილება უკვე მიღებული აქვს უკრაინაში, ბელარუსში, მოლდოვასა და სერბეთში.