12 აგვისტო 2026,   19:25
ვრცლად
გლობალური გამოწვევები და საქართველოს როლი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილები ანტალიის ფორუმზე

მსოფლიოში მიმდინარე ომები და კონფლიქტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სავაჭრო მარშრუტებზე, ენერგეტიკაზე, სატრანსპორტო დერეფნებზე და ზოგადად ეკონომიკურ სტაბილურობაზე. რა არის მთავარი გამოწვევა იმ გლობალური ლანდშაფტის პირობებში, რომელიც გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება? და როგორია არსებულ სიტუაციაში გამოსავალი? სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პანელური დისკუსიის დროს.

"მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა" - ამ სახელწოდებით გამართულ დიალოგში, რომელშიც ყაზახეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებიც მონაწილეობდნენ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რა როლი აქვს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს. ქვეყანას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მსოფლიო და რეგიონული მშვიდობის დამყარებაში.

დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიას, ბუნებრივია, არ ჩაუვლია დიპლომატიის ძალაზე საუბრის გარეშე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საუკუნეების განმავლობაში იმპერიებით გარშემორტყმულმა საქართველომ სუვერენიტეტის შენარჩუნება დიპლომატიის მეშვეობით მოახერხა. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ უხეში პოლიტიკური ინტერესები დიპლომატიას ვერ გადაწონის, რადგან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მთავარი საყრდენი სწორედ დიპლომატიის როლის გაძლიერებაა.

ანტალიის დიპლომატიური ფორუმი წელს მეხუთედ იმართება. 155 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ფორუმში ქართული დელეგაციის წევრებიც მონაწილეობენ. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო. ფორუმი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა, რომელმაც ყურადღება დიპლომატიის როლზე და მშვიდობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა.

გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრებიც. ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობისადმი. ითქვა, რომ საქართველოს გაცხადებული სურვილია, 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. გამოითქვა იმედი, რომ მონაწილე ქვეყნები მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას. ფორუმის მიმდინარეობისას შეხვედრები გამართეს ქართული დელეგაციის წევრებმაც. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანელ კოლეგას შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივი კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო ინტერესები განიხილეს. სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებსა და სხვადასხვა სექტორში რეფორმების, მათ შორის სახელმწიფო სერვისების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები იყო მთავარი განსახილველი თემა მაკა ბოჭორიშვილისა და ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს "შუა დერეფნის" მზარდი მნიშვნელობა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი.

ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს 17-19 აპრილის პერიოდში უმასპინძლებს. პლატფორმა პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, აკადემიური წრეებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე

დღის ამბები