08 აგვისტო 2026,   21:55
ვრცლად
ჭიდაობის, კრივის, MMA-ს, ტანვარჯიშის და ფარიკაობის დარბაზები - ხაშურში ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი შენდება

ჭიდაობის, კრივის, MMA-ს, ტანვარჯიშის და ფარიკაობის დარბაზები - ხაშურის ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის ერთი ნაწილი მთლიანად საბრძოლო და სპორტულ სახეობებს დაეთმობა. აქვე აშენდება დიდი და საბავშვო აუზები. მოეწყობა სატრენაჟორო, ფიტნეს სივრცეები. მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის თანამედროვე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

ხაშურის კომპლექსი რამდენიმე მულტიფუნქციურ სივრცეს გააერთიანებს. სპორტული დარბაზების გარდა, შენობაში მოეწყობა დასასვენებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო ზონები. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მედიათეკით, ქორეოგრაფიული, სახელოვნებო სივრცეებით. ცალკე ინფრასტრუქტურა მოეწყობა კულტურული ღონისძიებებისთვის.

პროექტისთვის ტერიტორია უკვე შერჩეულია. გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც დეტალურ პროექტს მოამზადებს,რის შემდეგაც უკვე მშენებლობა დაიწყება.

მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტი მუნიციპალიტეტის ვიზიტორების ინტერესებსაც ასახავს. რეგიონის გამორჩეულ კურორტს და ისტორიულ ძეგლებს ადგილობრივთან ერთად უცხოელი ტურისტებიც აქტიურად სტუმრობენ. კომპლექსის მიმდებარედ გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონის და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. შენობა უზრუნველყოფილი იქნება ავტოსადგომით და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით.

პირველად ხაშურის ისტორიაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იწყება. ეს იქნება შიდა ქართლში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცენტრი, რომელიც რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს. პროექტი კულტურას, სპორტს და განათლებას ერთ, თანამედროვე სტანდარტების სივრცეში გააერთიანებს

დღის ამბები