06 აგვისტო 2026,   06:16
ვრცლად
IMF-მა საქართველო რეალური და მსყიდველობითუნარიანი ეკონომიკური პროგნოზებით გრძელვადიან პერსპექტივაში მსოფლიოს TOP 3 ქვეყანაში შეიყვანა - ექსპერტები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს სწორ ფისკალურ პოლიტიკას უკავშირებენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველო რეალური და მსყიდველობითუნარიანი ეკონომიკური პროგნოზებით გრძელვადიან პერსპექტივაში მსოფლიოს ტოპ 3 ქვეყანაში შეიყვანა. IMF-ის წინასწარი გათვლით, 2024-2031 წლებში რეალური ეკონომიკის ზრდა 61%-ს გაუტოლდება, რაც ევრაზიის კონტინენტის ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს, რომელიც 2013-2031 წლების მონაცემებით ითვლება, ფონდის პროგნოზით, საქართველოს ნომინალური ეკონომიკური ზრდა ერთ სულ მოსახლეზე 175%-ს მიაღწევს, რაც მსოფლიოს მასშტაბით მესამე შედეგია. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ფიქრობენ, რომ ქვეყანა სავალუტო ფონდის პროგნოზირებულ მაჩვენებლებს გადააჭარბებს, რაც საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დამაიმედებელია მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებელიც - 2031 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე ის 47 750 დოლარს უნდა გადააჭარბოს, რაც მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რანგში გადასვლას ნიშნავს. IMF-ის პროგნოზით, საქართველოს მსყიდველობითუნარიანმა ეკონომიკამ 2026 წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრ საბერძნეთთან სხვაობა 5 წლით უნდა შეამციროს. მმართველ გუნდში ეკონომიკის პოზიტიური დინამიკის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად ქვეყანაში არსებულ მშვიდობას ასახელებენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზების სანდოობას ოპოზიცია არ უარყოფს. ხელისუფლების ოპონენტები აღიარებენ, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა ამტკიცებენ, რომ ფინანსური პროგრესი მოსახლეობაზე სრულად არ აისახება.

ოპონენტების პოზიციას მმართველ გუნდში არაობიექტურს უწოდებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ IMF-ისა და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების პროგნოზები ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2028 წლისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მზად იქნება გაერთიანების მოთხოვნებს უპასუხოს.

სავალუტო ფონდის პროგნოზებსა და რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს ეკონომისტები სწორ ფისკალურ პოლიტიკას უკავშირებენ. ანალიტიკოსების შეფასებით, ფონდის მონაცემები ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს გაზრდის, რაც მოსახლეობის შემოსავლების ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.

მსოფლიო სავალუტო ფონდი გრძელვადიანი ეკონომიკური პროგნოზების მაჩვენებლებს ყოველწლიურად აქვეყნებს. მონეტარული ფონდის ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში 2024-2026 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდა ერთ სულ მოსახლეზე 25.7%-ს გადააჭარბებს.

დღის ამბები