იუსტიციის მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება. ივნისში თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში შეხვედრა გაიმართა. პაატა სალიამ გაერო-ში აკრედიტებული ელჩები და გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის წევრები ფორუმზე მიიწვია და ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის განცხადებით, ფორუმის მასპინძლობა არის აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველომ განახორციელა საჯარო სერვისების განვითარების კუთხით.
"პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ფორუმის ორგანიზებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საჯარო სექტორის რეფორმა ჩვენი ქვეყნების და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. რა თქმა უნდა, საქართველო არის მნიშვნელოვანი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც საჯარო მმართველობის განვითარების გზაზეა და ცდილობს მოქალაქეებს რაც შეიძლება უკეთესი სერვისები შესთავაზოს", - ამბობს გაეროში იტალიის ელჩის მოადგილე, ჯანლუკა გრეკო.
კომენტარი გააკეთა კანადის საჯარო მმართველობის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ფულფორდმა.
"მოუთმენლად ველი დაგეგმილ ფორუმს, სადაც მომეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოსაც გავუზიარო კანადის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით", - აღნიშნა დევიდ ფულფორდმა.