აშშ-მა ირანთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ორი წინაპირობა წამოაყენა.
როგორც მედია წერს, ისლამურმა რესპუბლიკამ უნდა გახსნას ჰორმუზის სრუტე, მომლაპარაკებლებს კი გადაწყვეტილებების მიღების მანდატი უნდა ჰქონდეთ.
ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ვაშინგტონი თეირანთან ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებას ითხოვს. ქეროლაინ ლივიტის განცხადებით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, სავარაუდოდ, კვლავ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გაიმართება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ შტატები რუსულ და ირანულ ნავთობზე დაწესებულ დროებით შეღავათებს აღარ გააგრძელებს. პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თეირანში პაკისტანის არმიის ფელდმარშალსა და პაკისტანის დელეგაციას შეხვდა.
ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, პაკისტანური მხარე ირანს აშშ-ის გზავნილებსა და მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გეგმას გააცნობს. მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრიც. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ ირანთან საბრძოლო მოქმედებები განახლდება, ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის.