ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ერთგული რჩება. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანში პაკისტანის არმიის შტაბის უფროსს, ფელდმარშალ ასიმ მუნირსა და მის თანმხლებ დელეგაციას უმასპინძლა.
მუნირი, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის შუამავალია, თეირანში მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. პაკისტანის სამხედრო უწყების ინფორმაციით, მას თან ჰქონდა ვაშინგტონის გზავნილი.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ ფელდმარშალ მუნირს ირანში ვუმასპინძლეთ", - განაცხადა აბას არაღჩიმ შეხვედრის შემდეგ.
არაღჩიმ ასევე მადლიერება გამოხატა პაკისტანის მიერ მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.
"ჩვენი ერთგულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისადმი მტკიცე რჩება და ეს მისწრაფება საერთოა", - აღნიშნა მან.