მსოფლიო საპარლამენტთაშორისო კავშირი არის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების დელეგაციებთან შეხვედრის შესაძლებლობა, - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მმართველი გუნდი აღნიშნულ პლატფორმას იყენებს საკუთარი გზავნილების გასაჟღერებლად.
"მსოფლიო საპარლამენტო კავშირს ვიყენებთ იმ ქვეყნების პარლამენტების დელეგაციებთან შესახვედრად, რომლებიც საქართველოდან გეოგრაფიულად შორს არიან და მათთან ხშირად შეხვედრის შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩვენ ამ პლატფორმას ჩვენი გზავნილების გასაჟღერებლად ვიყენებთ, რადგან დაახლოებით ეს არის საპარლამენტო გაერო. ამ ორგანიზაციის წევრი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, დიდი და ფართო აუდიტორიაა. ამ ფორმატში შეგვიძლია, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს, მათ შორის ოკუპაციიდან გამომდინარე. ამჯერად, ღონისძიების თემაა მშვიდობა და სამართლიანობა.
იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის ძალიან მაღალია. შესაბამისად, დისკუსია ამ თემებზე იქნება. საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს სამშვიდობო გეგმას და ორმხრივი შეხვედრები გვექნება", – განაცხადა სამხარაძემ.