ძველი თბილისი ტურისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრია - აქ ისინი ყველაზე აქტიურად გადაადგილდებიან და ქალაქის ისტორიულ ნაწილს ეცნობიან. საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი - ეს იმ ევროპული ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, საიდანაც წელს საქართველოში უკვე რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი შემოვიდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ევროპიდან მომავალი ტურისტული ნაკადის ზრდამ 30 პროცენტს გადააჭარბა. სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მკვეთრი მატება სლოვაკეთიდან დაფიქსირდა - წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 87%-ზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა.
დინამიკა მზარდია სტრატეგიული ქვეყნების მიმართულებითაც. აშშ, ჩინეთი, კორეა და შვეიცარია - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ეს იმ ქვეყნების ნაწილია, საიდანაც ჩამოსული ტურისტები ყველაზე მეტს ხარჯავენ და სადაც საქართველოს მიმართ ინტერესის ზრდის მაღალი პოტენციალი არსებობს. აღსანიშნავია, რომ, ბოლო სამ თვეში, საქართველოს ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად, ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა - მეზობელი ქვეყნიდან საზღვარი 230 ათასზე მეტმა ადამიანმა გადმოლახა.
იანვარი-მარტის ვიზიტორთა სტატისტიკაზე ნეგატიურად აისახა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები. გეოპოლიტიკური ვითარების გამო, ტურისტული ნაკადი შემცირდა ირანიდან და ისრაელიდან, თუმცა მზარდი დინამიკა კვლავ ნარჩუნდება სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებიდან. საერთაშორისო გამოწვევების გავლენის შემცირების მიზნით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გეგმა უკვე დასახულია. უწყებაში საერთო მაჩვენებლების ზრდას მომავალ კვარტალშიც პროგნოზირებენ.
პირველი სამი თვის შემაჯამებელი სტატისტიკა ისტორიულია - წლის დასაწყისში 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა. საქართველოს ტურიზმისთვის 2026 წელი რეკორდული მაჩვენებლებით დაიწყო. ზამთრის სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა გუდაური და ბაკურიანი. მოთხოვნად მიმართულებებს შორის კვლავ რჩება თბილისი და მცხეთა. პოზიტიურ ტენდენციას ეკონომიკის სამინისტროში მმართველი გუნდის თანმიმდევრულ პოლიტიკას უკავშირებენ.
ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა პირდაპირ აისახება ტურისტულ ინდუსტრიაზე - იზრდება მოთხოვნა ადგილობრივ სერვისებზე და, შესაბამისად, ბიზნესის დატვირთვაც. განსაკუთრებით მატულობს აქტივობა სასტუმროებში, სადაც ჯავშნების რაოდენობა გაიზარდა. მოგზაურები ირჩევენ გასტრონომიულ შეთავაზებებს, კულტურულ ტურებსა და რეგიონებში მოგზაურობას, რაც სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორზე პოზიტიურად აისახა.
საქართველოში აქტიური ტურისტული სეზონი უახლოეს თვეებში დაიწყება. მანამდე კი, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალით სულ უფრო მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ინტერესდება. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება - მხოლოდ გასულ წელს ქვეყანამ 7 მილიონზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე