ამფიბიური სადესანტო ხომალდი, ატომური ავიამზიდი და მართვადი რაკეტებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსნები - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სპარსეთისა და ომანის ყურეებში უპრეცედენტო ოპერაციას ატარებს. 36 საათში 10 000-ზე მეტმა სამხედრომ მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ დერეფანზე სრული კონტროლი დაამყარა და ირანის საზღვაო ვაჭრობა მნიშვნელოვნად შეზღუდა.
ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის პარალელურად, ვაშინგტონსა და თეირანს შორის დადებული ორკვირიანი ზავი იწურება. ამ ფონზე, დონალდ ტრამპი ისლამაბადში სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალ რაუნდს არ გამორიცხავს. თეთრი სახლის პირობა უცვლელია - შტატებთან და ისრაელთან სამშვიდობო გარიგების გასაფორმებლად, ისლამურმა რესპუბლიკამ ბირთვულ ამბიციებზე უარი სამუდამოდ უნდა თქვას.
მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა უახლოეს ორ დღეში გაიმართოს. მედიის ინფორმაციით, დისკუსიის მთავარი საკითხი კვლავ ირანის ბირთვული პროგრამა იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი თეირანისგან ურანის გამდიდრებაზე 20-წლიან მორატორიუმს ითხოვს, ირანი კი პროცესის მხოლოდ ხუთი წლით შეჩერებაზე თანხმდება.
ვაშინგტონთან მოლაპარაკებების შესაძლო აღდგენასა და ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას ოფიციალური თეირანი გამოეხმაურა. ისლამური რესპუბლიკა მზადაა განიხილოს ურანის გამდიდრების პარამეტრები, თუმცა ბირთვული ენერგიის გამოყენებაზე უარს არ იტყვის. გაჟღერდა მუქარაც - თუ ვაშინგტონი საზღვაო ბლოკადას გააგრძელებს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურეში, ომანის ზღვასა და წითელ ზღვაში ნავიგაციის სრულად დაბლოკვას აპირებს.
ამ დრომდე უცნობია, რა გზას აირჩევენ მხარეები - გაგრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება თუ განახლდება დიპლომატიური პროცესი. რეგიონში ყველაზე ცხელი წერტილი ახლა ლიბანია. ვაშინგტონში იერუსალიმსა და ბეირუთს შორის გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, დაჯგუფება "ჰეზბოლა" ზავის შესაძლებლობას გამორიცხავს. "ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით დილიდან დაახლოებით 40 რაკეტა გაუშვა.