18 ივნისი 2026,   15:31
ვრცლად
იღბლიანი ნომერი და 100 ევროდ ნაყიდი ლატარიის ბილეთი, რომელმაც 58 წლის პარიზელი ინჟინერი მილიონერად აქცია - პიკასოს ნახატი ლატარიაში გათამაშდა

120 000 მსურველი და მხოლოდ ერთი გამარჯვებული - კრისტის ცნობილ აუქციონზე ბილეთი ნომრით 94715 მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მხატვრის, პაბლო პიკასოს შედევრის მფლობელი გახდა.

59 წლის პარიზელი ინჟინერი საქველმოქმედო გათამაშებაში შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა. არი ოდარას ლატარიის ბილეთი 100 ევროდ ჰქონდა შეძენილი.

როდესაც ორგანიზატორმა გამარჯვებულს ვიდეოზარით დაურეკა, არიმ თავიდან ვერც კი დაიჯერა, რომ 1 მილიონ ევროზე მეტად შეფასებული ტილოს მფლობელი იყო.

პროექტი "1 პიკასო 100 ევროდ" საქველმოქმედო კამპანიაა, რომელიც სათავეს 2013 წლიდან იღებს და ამ ხნის განმავლობაში რიგით მესამე იღბლიანი გამოავლინა.

ნამუშევარი, რომელიც არიმ მოიგო, პიკასოს 1941 წლით დათარიღებული ტილოა, სახელწოდებით "ქალის თავი". გუაშით შესრულებული ეს პორტრეტი მეორე მსოფლიო ომის მძიმე განწყობასა და, ამავდროულად, იმედს ასახავს. გამარჯვებული აცხადებს, რომ, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ნამუშევარს სახლში ვერ განათავსებს, თუმცა უკვე შეუძლია, თავი მის კანონიერ მფლობელად მიიჩნიოს.

გათამაშებამ წელს რეკორდული თანხა - 12 მილიონი ევრო შეაგროვა. შემოსული თანხიდან 1 მილიონი ევრო ოპერის გალერეას გადაეცემა, რომელიც ნახატს ფლობდა. დარჩენილი 11 მილიონი ევრო კი, საფრანგეთის ალცჰაიმერის კვლევის ფონდში გადაირიცხება.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის ისტორიაში პირველად, 120 000 ბილეთი სრულად გაიყიდა.

2013 წელს ესპანელი ოსტატის მიერ 1941 წელს შექმნილი "კაცი ცილინდრით" გათამაშდა. მისი მფლობელი კი 25 წლის ამერიკელი გახდა. შემოსული 5 მილიონამდე ევრო ლიბანში, უძველესი ქალაქის, ტვიროსის გადასარჩენად დაიხარჯა.

2020 წელს იტალიელმა ბუღალტერმა პიკასოს ნატურმორტი მოიგო, თანხა კი აფრიკაში სანიტარული პროექტების დაფინანსებას მოხმარდა.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები