თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ისტორიის მქონე ქუჩა, რენესანსული სტილის არქიტექტურა, სადაც თითოეული ორნამენტი კონკრეტულ სიმბოლოს ასახავს... ფასადები ევროპულ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა ეზოში შესვლისთანავე იგრძნობა თბილისური გარემო. ქვეყნის პოლიტიკურ ტრანსპირაციასთან ერთად, ქუჩის სახელი ხშირად იცვლებოდა. დღეს ის ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნისა და ისტორიკოსის, პავლე ინგოროყვას სახელს ატარებს.
ამ ქუჩაზე ყველა შენობას თავისი ისტორია აქვს. ინგოროყვას 22 ნომერში მდებარე სახლი საბჭოთა რეპრესიების მძიმე ისტორიებს ინახავს. 1937 წელს სწორედ ამ შენობაში წყდებოდა ათასობით ქართველის ბედი. მძიმე წარსულის მიუხედავად, შენობა, არქიტექტურული თვალსაზრისით, აქტუალობას არ კარგავს. ინგოროყვას ქუჩაზე შენობების დიდი ნაწილი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნიმუშებია, რომელსაც ბევრი მისტიკური და პომპეზური დეტალი აქვს. სწორედ ამის გამო აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. მეცხრამეტე საუკუნის ქუჩა მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. რეაბილიტაცია ორ დღეში დაიწყება.
ინგოროყვას ქუჩის მსგავსად, სრულად განახლდება სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაც. პროექტს მუნიციპალური ფონდი განახორციელებს. პროცესი ორ ეტაპად წარიმართება. თავდაპირველად, შეიცვლება კომუნიკაციები. შემდეგ დაიწყება გარე ფასადების განახლება-რესტავრაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება 21 შენობას. ისტორიულ უბანს შეუნარჩუნდება ავთენტურობა.
სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია. შერჩეულია ოთხი კომპანია, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესში სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ. სიახლე დედაქალაქის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე დააანონსა.
პროექტის განხორციელებისათვის, 120 მილიონი ლარია გამოყოფილი. შედეგად, მეცხრამეტე საუკუნის ქუჩა, რომელიც თბილისის ერთი-ერთი სავიზიტო ბარათია, ტურისტებსა და თბილისელებს განახლებული იერსახით დაუბრუნდება.