გახარიას პარტიის წევრ დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრთან 19 კითხვა ჰქონდათ, თუმცა უმრავლესობა სწორედ პირველი შეკითხვიდან გამომდინარეობდა - რატომ შეაჩერა საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი?
პროცესი საქართველოს არ შეუჩერებია - განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა. არგუმენტად ევროკავშირის ელჩის კონკრეტული განცხადება მოიყვანა, რომელიც 2024 წლის 27 ივნისს, ევროპული საბჭოს მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას ეხებოდა
მინისტრის თქმით, სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, 28 ნოემბერს გამოაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ არავის მისცემდა საშუალებას, გაწევრიანების პროცესი შანტაჟის იარაღად გამოეყენებინა. მაკა ბოჭორიშვილმა დღეს ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულების კონკრეტული მაგალითებიც ახსენა.
კითხვები ეხებოდა სასანქციო პოლიტიკასაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა კონკრეტულ სტატისტიკაზე დაყრდნობით თქვა, რომ ქვეყანა საერთაშორისო სანქციებს ზედმიწევნით იცავს და აქვს რეგულარული კომუნიკაცია ევროკავშირთანაც.
ევროკავშირთან ურთიერთობის გავლენა აშშ-სთან პარტნიორობაზე, რუსეთთან კონფლიქტი, ოკუპაცია და საქართველოს მთავრობის პოზიცია - ოპოზიცია ინტერპელაციის წესით ამ და სხვა საკითხებითაც დაინტერესდა. მათ შორის, კითხვა ეხებოდა გარკვეული პარტიების მხრიდან ნეიტრალიტეტის საკითხის გააქტიურებას, რაზეც საგარეო უწყების ხელმძღვანელის პასუხი მოკლე და მკაფიო იყო - "არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით".
მაკა ბოჭორიშვილის მოხსენების შემდეგ, დარბაზში უკვე ზეპირი შეკითხვები დაისვა. გახარიას პარტიის გარდა აქტიურობდნენ სხვა პოლიტიკური ჯგუფებიც, რომლებმაც ექსპრემიერის გუნდის წევრებს, რიგ საკითხებთან მიმართებაში, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მიუთითეს.
პოლიტიკური დებატები, კითხვა-პასუხის შემდეგ, უკვე ფრაქციების სიტყვით გამოსვლის ფორმატში გაგრძელდა.
ევროკავშირთან ურთიერთობას რომ ბრიუსელის ბიუროკრატიის მიდგომები ართულებს, ამაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა შემაჯამებელ გამოსვლაშიც ისაუბრა, ინტერპელაციის კითხვების ავტორებს კი მიუთითა, რომ გლობალურ პოლიტიკაზე მცდარი და მიკერძოებული წარმოდგენები აქვთ.
ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.