საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი თურქეთში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეის სხდომაში, რომელსაც წელს სტამბოლი მასპინძლობს.
დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა და არაერთი პირისპირ შეხვედრა. ფორუმს 160-მდე ქვეყნის 2 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. დისკუსიის მთავარი თემა მომავალი თაობებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაა.
"ტრადიციულად, ჩვენ გვაქვს ხოლმე შესაძლებლობა, რომ ერთად ადგილას ვნახოთ ბევრი კოლეგა სხვადასხვა ქვეყნიდან. გვექნება ორმხრივი შეხვედრებიც პარლამენტის თავმჯდომარეებთან და, ასევე, შესაძლებლობა, რომ ასამბლეას მივმართო სიტყვით. საუბარი გვექნება იმ გამოწვევებზე, რომელიც თანამედროვე სამყაროშია, მათ შორის, გარე ჩარევების საფრთხეებზე და იმაზე, თუ როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს საქართველო და როგორ ვხედავთ ჩვენ ეროვნული ინტერესების მნიშვნელობას თითოეული ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.