ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანთან დაკავშირებით "Fox Business"-ის ეთერში ისაუბრა. ინტერვიუში ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
"წარმოგიდგენიათ, რა დაემართება საფონდო ბირჟებს, ირანმა ბირთვული იარაღი რომ მოიპოვოს? ქვეყანა აღარ დაგვრჩება, მთელი მსოფლიო აფეთქდება. ეს უბრალოდ არ უნდა დავუშვათ, ამის გაკეთება არ შეიძლება. როდესაც ამ საკითხს მოვაგვარებთ — რაც, იმედია, ძალიან მალე მოხდება — საწვავის ფასები მკვეთრად დაიწევს. ბენზინის ღირებულება, ბარელის ფასი და ავზის შევსება — ყველაფერი გაცილებით გაიაფდება", — აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეირანის მხრიდან ბირთვულ ამბიციებზე უარის თქმის გარეშე სამშვიდობო შეთანხმება არ შედგება:
"თუ ისინი ბირთვულ ამბიციებზე უარს არ იტყვიან, ჩვენ არანაირ გარიგებაზე არ წავალთ. არანაირი შეთანხმება არ იქნება. მთელი ეს პროცესი იმას ემსახურება, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი — მათ ამის უფლება არ აქვთ. თუ მაინც შეეცდებიან მის მოპოვებას, გარკვეული დროით მოგვიწევს მათთან ერთად ცხოვრება, თუმცა არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გაძლებენ, რადგან მათ ისედაც ძალიან მძიმე დარტყმა მიიღეს. მაგალითისთვის: ჩვენ შეგვიძლია მათი ყველა ხიდი და ყველა ელექტროსადგური ერთ საათში გავანადგუროთ. ჩვენ არ გვსურს ამის გაკეთება, თუმცა ეს შეგვიძლია", — აცხადებს დონალდ ტრამპი.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე