01 აგვისტო 2026,   21:17
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 13 პირის პროცესი გაიმართა - სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 13 პირის პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. მოწმის სახით დაიკითხა მთავარი გამომძიებელი, რომლის თქმითაც, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე პირველმა ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, შემდეგ კი საქმე რამდენიმე ეპიზოდად დაიყო.

დაკავებულებს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა ბრალდებათ.

ადვოკატის თქმით, გამომძიებელმა, რომელიც საქმეს იძიებდა დაადასტურა ის, რომ საქმეში ფაქტობრივად არაფერი არ არის.

"გამომძიებელმა, რომელიც საქმეს იძიებდა, დაადასტურა ის, რომ საქმეში ფაქტობრივად არაფერი არ არის. საკვანძო და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ვითომ, მათი აზრით, მოიპოვეს, ვერ გაგვცეს პასუხები. tik-tok ვიდეოზე დაისვა კითხვა, საიდან მოიპოვეს და ვინ არის შემქმნელი, რაზეც განაცხადა, რომ აღნიშნულზე არ დაინტერესებულა და არ აინტერესებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის კამერის ჩანაწერებზე როდესაც დავუსვით კითხვები, მოსამართლემ განარიდა, თუმცა გამომძიებელმა მაინც განაცხადა, რომ არ ჩათვალა საჭიროდ", - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ.

საქმის პროკურორის თქმით, დღეს დაიკითხა მთავარი გამომძიებელი, რომელმაც ყველა კითხვას გასცა პასუხი.

"დღეს დაიკითხა მთავარი გამომძიებელი, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, განმარტა თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჰქონდა ჩატარებული, ისაუბრა მის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებების თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა კითხვას გასცა პასუხი. ვიდეო ჩანაწერებში ჩანს, რომ აღნიშნული პირები, ვისაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ჯგუფურად მონაწილეობენ სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებში, მათ შორის, ძალადობენ პოლიციელებზე, დაცვის სამსახურის თანამშრომლებზე, აზიანებენ ინვენტარს და ახორციელებენ სხვა ძალადობრივ ქმედებებს, რაც უკვე ქმნის ჯგუფური ძალადობის შემადგენლობას", - განაცხადა პროკურორმა როინ ხინთიბიძემ.

დღის ამბები