18 ივნისი 2026,   11:40
ვრცლად
ირანისთვის წაყენებული ულტიმატუმის ამოწურვამდე 24 საათი დარჩა - როგორია ისლამური რესპუბლიკის პოზიცია

ულტიმატუმის ვადა და პირობები შტატების პრეზიდენტმა მედიასთან დაასახელა. ირანის ხელმძღვანელობას მსოფლიოს უდიდესი ენერგეტიკული არტერიის - ჰორმუზის სრუტის გახსნისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყებისთვის სულ რამდენიმე საათი აქვს. დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვაშინგტონის მოთხოვნას არ შეასრულებს, განადგურდება ქვეყნის საკვანძო სტრატეგიული ობიექტები, შტატები ხელში ჩაიგდებს ირანის ნავთობის რეზერვებს.

ცნობილია ისლამური რესპუბლიკის პოზიციაც: თეირანში ვაშინგტონის ულტიმატუმზე განაცხადეს, რომ ნებისმიერ დარტყმაზე პასუხი სიმეტრიული იქნება. ირანის საგარეო უწყების განმარტებით, ინფრასტრუქტურაზე იერიშის შემთხვევაში, სამიზნე გახდება აშშ-ის კუთვნილი ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ანალოგიური ობიექტი.

ვაშინგტონს და თეირანს შორის საომარი რიტორიკის ესკალაციის ფონზე მიმდინარეობს მოკავშირეების საბრძოლო ოპერაცია. "ცაჰალის" ზუსტი, წერტილოვანი დარტყმების შედეგად, ლიკვიდირებულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის ხელმძღვანელი მაჯიდ ხადემი. ცნობილია, რომ იერიშების სერიას ვერც ისლამური რესპუბლიკის სამი საკვანძო გენერალი გადაურჩა. მოსტაფა აზიზს, მოჰამად რეზა აშრაფი ღაჰის და მასუდ ზარეს ქვეყნის საზღვაო კონტროლი, ფინანსური რესურსები და საჰაერო თავდაცვა ჰქონდათ ჩაბარებული.

"ცაჰალის" და ''პენტაგონის'' სტრატეგიული ამოცანა, ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად, ისლამური რესპუბლიკის სამხედრო პოტენციალის სრული განადგურებაა. კოალიციურმა ძალებმა მასშტაბური იერიში მიიტანეს ირანის სარაკეტო პროგრამის საწარმოო და კვლევით ცენტრებზე. დარტყმები განხორციელდა გამშვებ პოზიციებზე, აეროპორტებზე, ოპერატიულ შტაბებსა და "გუშაგთა კორპუსის" რეგიონულ სარდლობებზე.

პარალელურად, ისრაელის ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმას განაგრძობს ირანი და რადიკალური დაჯგუფება "ჰეზბოლა". ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, თელ-ავივში, ფეთახ-თიკვაში, რამათ-განში, ბნეი-ბრაკში და კირიათ-ონოში, სარაკეტო დარტყმების გამო, 15 ლოკაციაზე მიმდინარეობს სახანძრო და სამაშველო ოპერაცია. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდასხმების შედეგად, სულ 163 ადამიანი დაშავდა.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები