10 აგვისტო 2026,   03:36
ვრცლად
"ხალხის ძალა" მთავრობას პლასტიკატის ერთჯერადი ჭურჭლის რეალიზაციის აკრძალვაზე მიღებული დადგენილების გადახედვისკენ მოუწოდებს - პარტია დადგენილებას ნაჩქარევსა და მოუმზადებელს უწოდებს

"ხალხის ძალა" მთავრობას პლასტიკატის ერთჯერადი ჭურჭლის რეალიზაციის აკრძალვაზე მიღებული დადგენილების გადახედვისკენ მოუწოდებს. საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში მიაჩნიათ, რომ აკრძალვა ბიზნესზე, დისტრიბუტორებსა და მცირე მეწარმეებზე ნეგატიურად იმოქმედებს, ექნება ეკონომიკური შოკის ეფექტი და საჭიროა, ცვლილებები ეკონომიკური ზეგავლენის მოსალოდნელი შედეგების შესწავლის შემდეგ დაიგეგმოს.

მთავრობის დადგენილების მიზანი გარემოზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით, ჩატარებულია არაერთი კვლევა და დადგენილია, რომ ნარჩენების დაახლოებით 88% სწორედ პლასტმასის ერთჯერადი გამოყენების პროდუქტია. ყველა თანხმდება, რომ, ეკოლოგიური თვალსაზრისით, პლასტმასის ნარჩენები სერიოზული გამოწვევაა, თუმცა, "ხალხის ძალის" თავმჯდომარის თქმით, ბალანსის დაცვა და ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციები აუცილებელია.

"ხალხის ძალის" ინიციატივას ეხმაურებიან ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში, პირველ რიგში, გადამუშავების ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო, ბიზნესის მხარდაჭერისთვის კი შეღავათების დაწესებაა აუცილებელი.

სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ პლასტიკატის პროდუქციის აკრძალვის დადგენილებაში ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული და სწორედ ამან განაპირობა რეგულაციაზე ეტაპობრივი გადასვლა.

პლასტიკატის ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელთან დაკავშირებით ამოქმედებული აკრძალვების განხილვის ეტაპზე დაბრუნების მომხრე არიან ექსპერტები. მათი შეფასებით, სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით არსებობს რესურსი, რომ დაცული იყოს, როგორც საზოგადოების, ასევე ბიზნესის საჭიროებები.

პლასტმასისგან დამზადებული თეფშების, ჩანგლების, კოვზების, დანების, ჩხირების, სასურსათო კონტეინერების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია 1 აპრილიდან აიკრძალა. ამ პროდუქციის იმპორტი და წარმოება 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე აკრძალულია. 1 იანვრიდან კი, ბიზნესისთვის ერთგვარი გარდამავალი პერიოდი იყო, რომ ცვლილებები სექტორისთვის ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო.

დღის ამბები