ერთი თარიღის ორი ისტორია – 37 წლის წინ, ქვეყანა ღამის სიჩუმიდან ტრაგიკულმა ამბავმა გამოაღვიძა - სხვა საქართველოსთვის თავგანწირულთა ამბავმა...
1989 წელი, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველო და მისი დედაქალაქი. რუსთაველის გამზირზე ათი ათასობით მოქალაქეა შეკრებილი და დამოუკიდებლობას ითხოვს, თუმცა მშვიდობიან დემონსტრანტებს დილის 4:00 საათზე საბჭოთა ჯარის დანაყოფები სასტიკად არბევენ.
თუმცა იქამდე, აქციის მონაწილეებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიდის. მიდის თხოვნით და მოწოდებით, რომ შეკრებილებმა ქაშვეთის ტაძარში გადაინაცვლონ და საფრთხე თავიდან აიცილონ.
თხოვნაზე უარია. უარი კი საბედისწერო 21 ადამიანისთვის ხდება. მშვიდობიანი აქციის დაშლის ოპერაცია იწყება. ხელმძღვანელი რუსი გენერალი იგორ როდიონოვია. მშვიდობიან მომიტინგეებს საბჭოთა ჯარისკაცები გზას მძიმე ტექნიკითა და ტანკებით უხერგავენ, რის შემდეგაც დემონსტრანტებს ნიჩბებითა და მხუთავი აირით უსწორდებიან. დარბევისას 21 ადამიანი იღუპება – 17 ქალი და 4 მამაკაცი, მათ შორის, არასრულწლოვანებიც არიან. 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი, სხვადასხვა სახის დაზიანებით, სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ. ვინც ხელკეტებს გადაურჩა, ქიმიური ნივთიერებით იწამლება – 2 000 მოქალაქე.
საბჭოთა არმიის სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც სისასტიკეზე მეტი იყო... ქვეყანაში გლოვა ცხადდება, საქართველოს ისტორიაში კი ახალი ფურცელი იშლება.
ერთი პატარა ქვეყნის დიდი ისტორია ბევრ განსაცდელსა თუ ქარტეხილს ინახავს. გამონაკლისი არც უახლესი წარსულია, თუმცა წარსულის ფურცლებზე, რომ არა უამრავი გამარჯვებაც, ალბათ, ვერც ამ ამბავს მოვყვებოდით. შავ-თეთრ დღეებს ფერადი ცვლის. 9 აპრილიდან 9 აპრილამდე ორი წელი გადის. და მოდის ასე ნანატრი, თუმცა უცნობი თავისუფლება. ტრაგედია დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ იქცევა... 1991 წელი - ქვეყანას ზვიად გამსახურდია მიმართავს.
საქართველოს უზენაესი საბჭო, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს იღებს. პარლამენტის იმ დარბაზში, რომელიც დღეს უკვე ზვიად გამსახურდიას სახელს ატარებს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, ცნობის ხმა ისმის. ქართველი ხალხის ნება სრულდება და სახელმწიფოც, მერამდენედ და ისევ, თავიდან იბადება.
ისტორიულ მოვლენამდე კი იყო გზა, რომელსაც არაერთი გარდამტეხი თარიღი სდევდა. მათ შორის ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელიც არაჩვეულებრივად ერთმა კითხვამ აქცია. 1991 წლის 31 მარტი – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი იმართება.
ბიულეტენზე ერთი კითხვაა - "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?", პასუხი კი ორი – დიახ და არა.
3 მილიონზე მეტი ადამიანი, ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-ზე მეტი, საკუთარ არჩევანს აკეთებს: დიახ - ამ პასუხს 99 პროცენტზე მეტი ხაზავს.
პოლიტიკური არჩევანი კონსენსუსი ხდება. დაკარგული დაბრუნებულია - 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ 1918 წელს მოპოვებული და, საბჭოთა ოკუპაციის შედეგად, 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა აღიდგინა.
9 აპრილი - დღე, რომელიც გლოვასა და სიხარულს ერთნაირად აერთიანებს.