06 აგვისტო 2026,   14:31
ვრცლად
ტიტულის მძიმე ჯვართან ერთად, 141-ე პატრიარქმა 142-ეს უდიდესი პასუხისმგებლობა უანდერძა - ახალ პატრიარქს სამების ტაძარში აირჩევენ

ახალ პატრიარქს სამების ტაძარში აირჩევენ - ილია მეორეს კურთხევით აგებულ ტაძარში, სადაც უწმინდესი მთელმა საქართველომ დაიტირა.

გაფართოებულ კრებაზე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი 142-ე პატრიარქს აირჩევს, პატრიარქის გარდაცვალებიდან 60-დღიან ვადაში. მღვდელმთავრებმა ისტორიული დღისთვის ადგილი 3 მარტს, წმინდა სინოდის სხდომაზე შეარჩიეს.

ეპისკოპოსები პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს მიწვევით, პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ, პირველად 3 მარტს შეიკრიბნენ. სანამ საპატრიარქო არჩევნებისთვის სამზადისს დაიწყებდნენ, უწმინდესისთვის ილოცეს.

სხდომის დასაწყისში მეუფე შიომ პატრიარქის ღვაწლზე ბევრი ისაუბრა. არნახული სიყვარულის გამოხატვისთვის საქართველოს მადლობა უთხრა. მღვდელმთავრები დახურულ კარს მიღმა 6 საათის განმავლობაში ბჭობდნენ.

კანდიდატების გამორჩევისას, სინოდი 1995 წელს შემუშავებული მართვა-გამგეობის დებულებით იხელმძღვანელებს. კრიტერიუმები ასეთია - საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი უნდა იყოს ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა, უნდა იყოს ბერი.

3 მარტს გამართულ სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა ამ კრიტერიუმებზეც იმსჯელეს.

სინოდის კიდევ ერთი სხდომა საპატრიარქო არჩევნებამდე, სავარაუდოდ, 24 აპრილს ჩატარდება. ამ დღეს, 39-მა ეპისკოპოსმა პატრიარქობის 3 კანდიდატი ფარული წესით უნდა შეარჩიოს. ფარულად ჩატარდება არჩევნებიც - გაფართოებულ კრებაზე კანდიდატმა ხმათა ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს, თუკი ასე არ მოხდა, განმეორებით კენჭისყრაში სამიდან ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს. სინოდმა 3 მარტის სხდომაზე 3 საარჩევნო კომისია შექმნა.

სამების ტაძარში საპატრიარქო არჩევნებს 2 ათასამდე დელეგატი დაესწრება, სხვადასხვა ეპარქიიდან, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან. მათ შორის იქნებიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. მოწვეულ სტუმრებს სათათბირო ხმის უფლება აქვთ.

ვინ იქნებიან კანდიდატები? ცნობილია, რომ 39 მღვდელმთავრიდან 3 შეირჩევა. ერთ-ერთი შესაძლოა მეუფე შიო იყოს - პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრე - ასეთია თეოლოგის მოსაზრება.

საჭეთმპყრობლის სასურველ კანდიდატებზე საუბარს ეპისკოპოსები ერიდებიან. ახლა მთელი ინტერესი მომავალი სინოდის სხდომაზეა. მღვდელმთავრები საპატრიარქო კანდიდატებს ფარულად აირჩევენ. მანამდე ყველას ურჩევენ, რომ პროცესს ცივილურად დააკვირდნენ.

49 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ახალი პატრიარქი ეყოლება. მისი ინტრონიზაციაც სვეტიცხოველში შედგება, ისე, როგორც 1977 წელს, როცა 44 წლის ილია შიოლაშვილი აღსაყდრდა. აღსაყდრდა და ეპოქა შექმნა. საქართველოს ეკლესია ნანგრევებიდან აღადგინა, 15-საუკუნოვანი ავტოკეფალია დოკუმენტურად დაადასტურა, ადამიანები ტაძარში დააბრუნა, გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა გააერთიანა.

მომავალ პატრიარქს უწმინდესის კურთხევით აგებულ ტაძარში აირჩევენ. ტიტულის მძიმე ჯვართან ერთად, 141-ე პატრიარქმა 142-ეს უდიდესი პასუხისმგებლობაც უანდერძა.

დღის ამბები