საქართველოში მარტვილის კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკო ტურისტული მიმართულებაა. ტურისტული ცენტრი ყოველდღიურად ასობით ვიზიტორს მასპინძლობს. ისევე, როგორც სხვა დაცულ ტერიტორიებზე, აქაც დამთვალიერებელთა ნაწილი არჩევანს უკვე "კომბო" შეთავაზებაზე აკეთებს. ჩანჩქერები, კანიონები და სუბტროპიკული ტყეები - ადგილზე უნიკალური ბუნების აღმოსაჩენად ყველა პირობაა შექმნილი.
კომბო ბილეთები - ეს არის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი შეთავაზება, რომელიც ვიზიტორებს ტურისტული ადგილების მონახულებას ბიუჯეტურ ფასად სთავაზობს. თუ დამთვალიერებელი რამდენიმე დაცული ტერიტორიის მონახულებას გადაწყვეტს, ერთიანი ბილეთით მარშრუტის საფასური მნიშვნელოვნად მცირდება. კომბინირებული ბილეთის შეძენა შეუძლიათ როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ვიზიტორებს.
პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი და სათაფლიის მღვიმე - დაცული ტერიტორიების მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 1 200 000-ს გადააჭარბა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მოგზაურებს ვიზიტების დაგეგმვა, ბილეთების შეძენა და საჭირო ინფორმაცის მიღება, ტურისტულ ცენტრებსა და ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ.
სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად მზარდია უცხოელი დამთვალიერებლის სტატისტიკაც. ველო-მარშრუტები, ნავით გასეირნება, საცხენოსნო ტურები - ეს მხოლოდ იმ სერვისების ნაწილია, რომლებსაც ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ირჩევენ. დაცული ტერიტორიების სააგენტო თავგადასავლების მოყვარულებს მრავალფეროვან მარშრუტებს წელიწადის ოთხივე სეზონზე სთავაზობს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას მიმდინარე წელსაც ელიან, ამიტომ, ტურისტული სეზონის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად დაიწყო. გრძელდება სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობა, რომ მოგზაურებისთვის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები შენარჩუნდეს.
უნიკალური კავკასიური ფლორა, გამორჩეული ლანდშაფტი და ენდემური სახეობები - ეს ყველაფერი საქართველოს დაცულ ტერიტორიებს განსაკუთრებულს ხდის. სააგენტოს მიზანი კი ბუნების დაცვასთან ერთად, ვიზიტორებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა.
ავტორი: ირაკლი კოშაძე