განახლებული გზა, რომელიც კურორტ ნუნისთან მივა. შემცირებული დრო, საკურორტო ზონის განვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის, ტურისტებისა და სტუმრების კომფორტული გადაადგილება - ეს 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის მთავარი მიზანია.
ხუთ კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება. ახალი მონაკვეთი მეცხრამეტე საუკუნის კურორტამდე მიგვიყვანს. სოფელი ნუნისი, რომელიც სამკურნალო მინერალური წყლებით არის ცნობილი, ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ადგილობრივების თქმით, საგზაო უსაფრთხოება და გადაადგილების შემცირებული დრო, ვიზიტორების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გზის გამართული ფუნქციონირება კი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და რეგიონს ეკონომიკურად გააძლიერებს.
გადაწყვეტილება მთავრობას ეკუთვნის. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი მიმდინარე თვის ფარგლებში გამოცხადდება.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზიდან იწყება. ამ ეტაპზე გზის საფარი სრულ განახლებას საჭიროებს. მოლითი-ზვარე-ნუნისის ხუთკილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, მიმდინარე წლის ფარგლებში იგეგმება.