ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას აპრილის ბოლომდე დაასრულებს. ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორში არსებული საოპერაციო პროცესები - კანონმდებლები უსმენენ ყველას, ვისაც გააჩნია რესურსი პროდუქტზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასები შეამციროს. სურსათზე არსებული ფასწარმოქმნის ჯაჭვზე დეპუტატები პირველ დასკვნას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ. კომისიამ უკვე მოუსმინა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებსაც. მომავალი კვირა კი, საწვავის ფასის განხილვას დაეთმობა.
კომისიას, რომელიც ქართულ ბაზარზე ფასების შემცირების, მეტად გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით მუშაობს, გახარიას გუნდი აკრიტიკებს, თუმცა, პარტია "საქართველოსთვის" წევრები იმ სამუშაო პროცესში, რომელსაც სპექტაკლს უწოდებენ, თავადაც მონაწილეობენ.
საბოლოო დასკვნის მომზადების პროცესში მონაწილეობენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებიც. ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი დეტალები უკვე გამოკვეთილია, რაც საბოლოო დასკვნაში აისახება.
ფასების რეგულირების მიმართულებით გრძელვადიანი ეფექტის მქონე გადაწყვეტილებებზე აკეთებენ აქცენტს საპარლამენტო უმრავლესობაში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ შესწავლილია ბაზარზე არსებული სხვადასხვა კომპონენტი, გამოკვეთილია კონკრეტული პრობლემებიც, საბოლოო ჯამში კი, ხელისუფლების მიზანია, მოსახლეობისთვის ფასები რაც შეიძლება მოკლე ვადებში გახდეს ხელმისაწვდომი.
დროებითი კომისია, ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის და ფასების რეგულირების მიზნით, თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა.