ახალი ინტერპრეტაციები, საკულტო პერსონაჟები, ლეგენდარული მსახიობები და დიდი დაბრუნება ეკრანზე - 2026 გახმაურებული კინოპრემიერების წელია, აპრილის თვე კი, ამ მხრივ, დატვირთული, რადგან ყველაზე მოსალოდნელი პროექტები სწორედ ამ დღეებში გამოვა.
"სუპერ მარიო გალაქტიკური ფილმის" პრემიერა 1 აპრილს, კიოტოში გაიმართა. ანიმაციური პროექტი 2023 წლის ჰიტის გაგრძელებაა. ამჯერად, მარიოს, ლუიჯისა და მათი მეგობრების თავგადასავალი სოკოს სამეფოს საზღვრებს სცდება და კოსმოსურ მასშტაბებს იძენს. ფილმის ვიზუალური მხარე კიდევ უფრო ამბიციურია - რაც მიზნად პირველი ნაწილის წარმატების გადაჭარბებას ისახავს.
რეჟისორი კრისტოფერ ბორგლი, ზენდეიასა და რობერტ პატისონის მონაწილეობით, დრამატული ელემენტებით დატვირთულ რომანტიკულ კომედიას გვთავაზობს. სიუჟეტი მოგვითხრობს წყვილზე, რომლის იდეალური ურთიერთობა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, ერთი მოულოდნელი საიდუმლოს გამო, რადიკალურად იცვლება. კინოსურათი უფრო ფსიქოლოგიური დრამას ჰგავს, ვიდრე კლასიკურ რომანტიკას. მსოფლიო პრემიერა 3 აპრილსაა ჩანიშნული.
17 აპრილს გაიმართება "მუმიის" მსოფლიო პრემიერა. "უნივერსალ ფიქჩერსი" კლასიკურ ისტორიას, თანამედროვე ვერსიით, დიდ ეკრანზე აბრუნებს. თუ მაყურებელს წინა ვერსიებიდან მსუბუქი, სათავგადასავლო სურათი ახსოვს, ახალი ვერსია მიმართულებას აშკარად ცვლის და ჰორორისკენ იხრება.
ამავე პერიოდში გამოდის "მე შენ და ტოსკანა - მსუბუქი რომანტიკული კომედია. ფილმი იუმორს, რომანტიკას და იტალიურ პეიზაჟებს აერთიანებს.
ენ ჰეთეუეის ყველაზე განსხვავებული და კომპლექსური კინოროლი - ასე აფასებენ კრიტიკოსები ფილმს "დედა მარია". მსახიობი პოპ ვარსკვლავს განასახიერებს. ის თავად ასრულებს სიმღერებს, რაც მის პერსონაჟს კიდევ უფრო ბუნებრივსა და ემოციურს ხდის. ფილმი დეივიდ ლოუერმა გადაიღო და მისი პრემიერა 17 აპრილს შედგება.
კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელიც კინოვარსკვლავის, შარლიზ სტერონის მონაწილეობით გამოდის - "მწვერვალია". თრილერში მსახიობი მთამსვლელ ქალს განასახიერებს, რომელიც ველურ ბუნებაში გადარჩენას ცდილობს.
ბავშვობიდან მუსიკალურ ტრიუმფამდე - მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმი ეკრანზე სამწლიანი ლოდინის შემდეგ გამოდის.
ჯონ ლოგანის სცენარი ჯექსონის ცხოვრების საკვანძო ეპიზოდებს ეხება. მაყურებელი საინტერესო და გულწრფელ პორტრეტს იხილავს - ერთი ჩვეულებრივი მუსიკოსი, რომელიც პოპის მეფე გახდა.
ჯექსონის როლს ფილმში მომღერლის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი განასახიერებს. ფილმის პროდიუსერი გრეჰემ კინგია. მის ანგარიშზეა ოსკაროსანი "ბოჰემური რაფსოდია". ფილმზე მუშაობა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და პრემიერა არაერთხელ გადაიდო.
მაიკლ ჯექსონის ცხოვრების შესახებ ბიოგრაფიული ფილმი ეკრანებზე 24 აპრილს გამოვა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი