"თრუს სოუშალში" დონალდ ტრამპმა ირანში უმსხვილესი ხიდის აფეთქებას პოსტი მიუძღვნა და განმარტა, რომ თუ თეირანი ვაშინგტონთან შეთანხმებას არ დადებს, ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი გაგრძელდება.
150-მეტრიანი კონსტრუქციის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა: დაიღუპა 8 და დაშავდა 100-მდე ადამიანი. სტრატეგიული ობიექტი თეირანს ქვეყნის დასავლეთ ნაწილთან აკავშირებდა. მედიის ინფორმაციით, მას სამხედრო დანიშნულებით - არმიის მომარაგებისთვის იყენებდნენ.
აფეთქებებია ისრაელშიც. მედიის ინფორმაციით, კასეტური ქობინით აღჭურვილი რაკეტები ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჩამოვარდა. დარტყმების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ახლა სამაშველო ოპერაცია 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს. აფეთქებების გამო, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დღეს თავდასხმები არაბთა გაერთიანებული საამიროების, ქუვეითის, ბაჰრეინის, კატარისა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში მოიგერიეს. ესკალაციის საპასუხოდ გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო და თეირანის ქმედებები დაგმო.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო ეკონომიკურ ბაზრებზე შექმნილი ვითარება და მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ დერეფანში - ჰორმუზის სრუტეში, უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენის საკითხი განიხილა 40-მდე ქვეყნის ლიდერმა. ოფიციალური ლონდონის განმარტებით, ვიდეოკონფერენციაზე, რომლის ინიციატორიც დიდი ბრიტანეთი იყო, არ განიხილებოდა მარშრუტის სამხედრო ძალის გამოყენებით გახსნის იდეა, რასაც დაუნინგ სტრიტისგან თეთრი სახლი ითხოვდა.
ცნობილია, რომ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომამდე ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის საზღვაო ექსპორტის მეხუთედი მოდიოდა. კონფლიქტის პირველივე დღეებში ირანმა სრუტეში გემების მოძრაობა დაბლოკა, რამაც ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე