"დიდი პოტენციალი აქვს ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობას და ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობები ხშირი გახდება. მზაობა არის" - ეს მზაობა ორი ქვეყნის პირველმა პირმა ერთმანეთს, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების დროს, პირადად დაუდასტურა. სლოვაკეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას, დელეგაციის წევრებთან ერთად, ბრატისლავაში უმასპინძლა. ითქვა, რომ, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, სლოვაკეთსა და საქართველოს საერთო ინტერესები და ღირებულებები გააჩნიათ.
საქართველო, როგორც რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში ძირითადი მოთამაშე, რომელსაც, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, გვერდს ვერავინ აუვლის - სლოვაკეთის პრეზიდენტმა, საქართველოს მხარდაჭერის გამოხატვის პარალელურად, ისიც აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. პეტერ პელეგრინიმ ყურადღება, ასევე, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზეც გააკეთა.
სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობები, ინვესტიცია, ტურიზმი, თავდაცვა და უსაფრთხოება, კულტურა, განათლება, საპარლამენტთაშორისო კავშირები, საერთო გეოპოლიტიკური გამოწვევები - ამ საკითხებზე ბრატისლავაში გამართული ოფიციალური შეხვედრების დროს იმსჯელეს. მიხეილ ყაველაშვილსა და ქართული დელეგაციის წევრებს სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ უმასპინძლა. შეხვედრა შედგა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერთანაც. ყველა ფორმატში ხაზგასმით აღინიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და, ამავე დროს, იზიარებს ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ უსამართლო მიდგომებს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო "თავისუფლების კარიბჭის" მემორიალი და მოინახულა ისტორიული ღირსშესანიშნაობა - დევინის ციხესიმაგრე. ქართული დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ბრატისლავას ძველი ქალაქი და წმინდა მარტინის საკათედრო ტაძარი. ვიზიტის დასასრულს სლოვაკეთის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილს პატივსაცემად, ოფიციალური ვახშამი გამართა.
ავტორი: კესო ქაფიანიძე