უნგრეთში პოლიტიკური ტემპერატურა პიკს აღწევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სულ რაღაც 9 დღე რჩება. ვინ იქნება შემდეგი პრემიერი - ვიქტორ ორბანი, რომელიც სუვერენისტული პოლიტიკით გამოირჩევა და ომს წინააღმდეგაა, რის გამოც, უკვე 16 წელია, მყარად ინარჩუნებს უნგრელი ხალხის მხარდაჭერას, თუ პეტერ მაგიარი, რომელსაც ზურგს ბრიუსელი და ლიბერალური დასავლეთი უმაგრებს? გადაწყვეტილება საარჩევნო ყუთთან ხალხმა 12 აპრილს უნდა მიიღოს.
მოქმედი ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ უნგრეთის არჩევნებში დასავლეთი ჩარევას აქტიურად ცდილობს. უკვე რამდენიმე თვეა, ვიქტორ ორბანი და მისი გუნდი - ვოლოდიმირ ზელენსკისგან თუ ევროკავშირისგან მომავალ იმ კრიტიკას იგერიებს, რომელიც მმართველი გუნდის პოლიტიკას უკავშირდება - დაიცვას უკრაინის კრიზისის მიმართ ნეიტრალური პოზიცია და უარი თქვას სახელმწიფოს ფულის საომარ მოქმედებებში დახარჯვაზე. ამ ყველაფრის ფონზე, ვიქტორ ორბანის ოპონენტი, გამარჯვების შემთხვევაში, დიდ შემობრუნებას და ევროკავშირთან ხელახალი, საფუძვლიანი რეინტეგრაციის პროცესს აანონსებს.
რეიტინგები და ეგზიტპოლები ამ ეტაპზე კონტრასტული და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ყველა აღიარებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად გადამწყვეტია, შედეგის პროგნოზირება კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვიქტორ ორბანი აქტიურად აწყობს შეკრებებს - ხვდება ამომრჩევლებს და მათ ღიად ესაუბრება იმ საფრთხეებზე, რაც, მისი დამარცხების შემთხვევაში, შეიძლება, რეალობად იქცეს. კერძოდ, ორბანი ბუდაპეშტისადმი ბრიუსელის კოლონიალისტურ დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. მოქმედი პრემიერ-მინისტრი საუბრობს ომის საფრთხეზეც, რომელიც უკრაინაში არსებული კონფლიქტიდან მომდინარეობს.
არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ვიქტორ ორბანს მსოფლიოს კონსერვატორმა ლიდერებმა მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს. ცნობილი ხდება ისიც, რომ 7-8 აპრილს, ბუდაპეშტში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჩავა. ჯეი დი ვენსის ვიზიტს მსოფლიოში ბევრი ღია მხარდაჭერად აღიქვამს, რამაც უნგრელ ხალხს ერთი მესიჯი უნდა გაუგზავნოს - თეთრი სახლი მხარს ვიქტორ ორბანს უჭერს.