მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და სექტორში არსებული საოპერაციო პროცესები - ფასების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან მეორე შეხვედრა გამართა. დეპუტატებს ბიზნესთან კითხვები ჰქონდათ, როგორც რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით, ასევე, არსებობს თუ არა მექანიზმები, რომლის წარმატებით დანერგვის შემთხვევაშიც, ბაზარზე ფარმაცევტული საშუალებები გაიაფდება.
კომისიის წევრები დაინტერესდნენ, არის თუ არა შესაძლებელი, დადგენილი რეფერენტული ფასი ყველა მედიკამენტზე გავრცელდეს. სხდომაზე აქცენტი სააფთიაქო ბაზრის გამჭვირვალობაზეც გაკეთდა.
კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც დეპუტატებმა აფთიაქების წარმომადგენლებს კითხვები დაუსვეს, ბავშვთა კვებას ეხებოდა. კანონმდებლების განცხადებით, როგორც წამლებზე, ასევე არამედიკამენტურ საშუალებებზე, ფასების შემცირების კუთხით, სხდომაზე მნიშვნელოვანი დეტალები გამოიკვეთა.
პარლამენტის დროებითი კომისია სურსათის, მედიკამენტების და საწვავის ფასებზე საბოლოო დასკვნას, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში გამოაქვეყნებს.