07 აგვისტო 2026,   23:53
ვრცლად
მაშინდელ ხელისუფლებას უნდოდა ჩვენი სამოციქულო ეკლესიის დაკნინება და სათითაოდ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, რომ ასეთ დროს ვერ ვიცავდით ჩვენს პატრიარქს და საპატრიარქოს - მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს პატრიარქის და საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლა სხვადასხვა ხერხებით მიმდინარეობდა, რათა მათი დაკნინება მომხდარიყო და ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ბოდიში აქვს მოსახდელი, რომ ასეთ დროს პატრიარქს და საპატრიარქოს ვერ იცავდა.

პრეზიდენტის განცხადებით, მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლები და მათი პარტნიორები საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ წარმოუდგენელ შეურაცხყოფებს ახორციელებდნენ.

"არავის არ დავიწყებია როგორ ებრძოდნენ პატრიარქს. რამდენიმე ვიდეოც გავრცელდა თავად პატრიარქი რომ საუბრობს მასთან დაპირისპირებაზე და ბრძოლასთან დაკავშირებით. მაშინდელ ხელისუფლებას როგორ უნდოდა დაკნინება ჩვენი სამოციქულო ეკლესიის, ჩვენი საპატრიარქოსი. საპატრიარქოს სათავეში როდესაც ჩვენი უწმინდესია, ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ მე პატრიარქს არ ვებრძოდი და ვებრძოდი საპატრიარქოს. ეს წარმოუდგენელი რამეა. ჩვენ ვხედავდით, რომ ეს ძალები, რომლებიც ახლა გაერთიანებულები არიან, სწორედ ეს ხალხი იყო, ვინც ამას აკეთებდა. რატომ აკეთებდა? რაც გამოჩნდა ამ დაკრძალვის დროს, ხალხის უმრავლესობა რომ ერთგულია საკუთარი ეკლესიის და სარწმუნოების, მაშინაც ასე იყო. ვერაფრის დიდებით ვერ აკნინებდნენ ავტორიტეტს ჩვენი პატრიარქის და საპატრიარქოსი. დაახლოებით 90%-ზე ზემოთ იყო ყოველთვის და ეს იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როგორმე დაეზიანებინათ, არ მოსწონდათ ეს მაღალი ნიშნული საპატრიარქოსი. ეს ბრძოლა მაშინ სხვადასხვა ხერხებით ხდებოდა და მაშინ წარმოუდგენელი რამ იყო. ჩვენ მუდმივად, წლების მანძილზე, თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჩვენი უწმინდესი გარდაიცვალა, სათითაოდ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, რომ ასეთ დროს ვერ ვიცავდით ჩვენს პატრიარქს და საპატრიარქოს. ისეთ ბინძურ შეურაცხყოფებს ახორციელებდნენ ეს ადამიანები ან მათი პარტნიორები", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები