07 აგვისტო 2026,   21:44
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული, პროპაგანდისტული ჯგუფები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში - ამ ყველაფერს ვაკვირდებით და გვექნება რეაგირება

"მნიშვნელოვანია, რომ არავინ ჩაერიოს ეკლესიის გადაწყვეტილებებში და, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც წინ აქვს წმინდა სინოდს. ჩვენ ძალიან დეტალურად დავაკვირდებით, ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აქტიურად ხდება გარე ჩარევები საეკლესიო საქმეებში და ამაში სხვადასხვა ონლაინ გამოცემებიც არიან ჩართულნი.

"დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არის გარე ჩარევის მცდელობები. ვხედავთ, რომ უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული, პროპაგანდისტული ჯგუფები - "რადიო თავისუფლება," "ტაბულა," პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში. დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ. ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვს "რადიო თავისუფლებას," "ტაბულას", სხვა ონლაინ გამოცემებს - "პუბლიკას" "ნეტგაზეთს" და ა.შ. მათ აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ. ეს არის ზუსტად იგივე მეთოდი, რასაც ჩვენ ვხედავდით 2024 წელს, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ერეოდნენ საქართველოს არჩევნებში. როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში, დღეს ვხედავთ ჩვენ, დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას საქართველოს ეკლესიის საქმეებში. ჩვენ ამას ძალიან დეტალურად ვაკვირდებით. აქედანვე უნდა იცოდეს ყველამ, მათ შორის, უცხოელებმა, ვინც ამ ყველაფერს აფინანსებს, ეს ყველაფერი აღირიცხება, ამ ყველაფერს ვაკვირდებით და გვექნება რეაგირება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები