18 ივნისი 2026,   14:22
ვრცლად
54 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როცა ადამიანი მთვარის ირგვლივ იმოგზაურებს - მიმდინარე სამთვარეო პროგრამის მთავარი ამოცანა პილოტირებულ რეჟიმში ხომალდის სასიცოცხლო სისტემების გამოცდაა

18 საათი და 40 წუთი, ფლორიდა, კენედის კოსმოსური ცენტრი, სასტარტო მოედანი ''39 ბი'' - სწორედ აქედან გაფრინდა ისტორიაში ყველაზე მძლავრი რაკეტა და დედამიწის თანამგზავრისკენ აიღო გეზი. ნახევარი საუკუნის წინ "აპოლოს" მიერ გავლილ გზაზე, სამთვარეო ოდისეა ამჯერად „არტემისმა“ დაიწყო.

ხომალდი „ორიონი“ უკვე დედამიწის მაღალ ორბიტაზეა, სადაც ეკიპაჟი სისტემების აუცილებელ შემოწმებას ასრულებს. სტარტისა და პირველადი ეტაპების
წარმატებით გავლის შემდეგ, ოთხი ასტრონავტი - რიდ უაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი - ღრმა კოსმოსში გასასვლელად ემზადება.

მიმდინარე სამთვარეო პროგრამის მთავარი ამოცანა პილოტირებულ რეჟიმში ხომალდის სასიცოცხლო სისტემების გამოცდაა. სწორედ ეს მისია მოამზადებს საფუძველს „არტემის-4“-ისთვის და რომლის ფარგლებშიც, ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ, 2028 წელს მთვარის ზედაპირზე ადამიანები დაეშვებიან. შტატების მიზანი დედამიწის თანამგზავრზე მუდმივი ბაზის შექმნაა, რომელიც მარსზე სამომავლო ფრენებისთვის პლატფორმა გახდება.

ისტორიაში პირველად, მისიაში ქალი - კრისტინა კოხი, აფროამერიკელი - ვიქტორ გლოვერი და არაამერიკელი, კანადელი - ჯერემი ჰენსენი მონაწილეობენ. ეკიპაჟს, რომელიც მთვარის კვლევის ახალ ეტაპს ჩაუყრის საფუძველს, გამოცდილი პილოტი რიდ ვაისმენი მეთაურობს. სწორედ მათი წინასასტარტო მოსამზადებელი პროცესი ჩანს აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს მიერ გავრცელებულ უნიკალურ კადრებში. ეკიპაჟი ფლორიდაში, კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში, ჰიუსტონიდან ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებამდე და ინსტრუქტაჟის დაწყებამდე მათ ტრადიციული საუზმით გაუმასპინძლდნენ.

ცნობილია, რომ ეკიპაჟის უსაფრთხოების და ძრავის სისტემების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ხომალდი მთვარის ორბიტაზე არ შევა. თანამგზავრის გარშემო წრიულად მოძრაობისას კი ყველაზე მეტად მაშინ მიუახლოვდება, როდესაც მის უკანა მხარეს აღმოჩნდება. დისტანცია 6 400-დან 9 700 კილომეტრამდე იქნება. სწორედ ამ დროს კოსმონავტები მთვარის იმ ნაწილის ფოტო და ვიდეო გადაღებას დაიწყებენ, რომელიც დედამიწიდან არასდროს ჩანს, ხომალდი კი დედამიწასთან კავშირს 50 წუთით დაკარგავს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები