09 აგვისტო 2026,   11:07
ვრცლად
ერთი დღე სინოდის სხდომამდე და დისკრედიტაციის მცდელობა - რა უპასუხა ეკლესიამ კრიტიკოსებს

სასულიერო პირების მკაფიო პასუხის ადრესატები, ის საერო პირები არიან, ვინც სამოციქულო ეკლესიის დისკრედიტაციას და დასუსტებას უკვე მრავალი წელია ცდილობენ. თავს ესხმიან და შიდა საქმეებში ერევიან ახლაც, როდესაც ქართულ ეკლესიას ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები- უნდა აირჩიოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი და თან მკაცრად გაწერილი კანონიკური პროცედურის შესაბამისად. გაფართოებულ კრებას წინ უძღვის მოსამზადებელი სამუშაო და წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც ხვალ - პატრიარქის გარდაცვალებიდან მეორედ, დაკრძალვიდან კი პირველად, საორგანიზაციო საკითხების განსახილველად იკრიბება. ეკლესია ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამ პროცესში სპეკულაციების ადგილი არ არის.

სასულიერო პირების მუდმივი მოწოდების მიუხედავად, ქართულ ეკლესიაზე, როგორც ფუნდამენტურ საზოგადოებრივ ინსტიტუტზე თავდამსხმელთა წრე ყოველდღიურად ფართოვდება. წნეხი იზრდება და სიძულვილით მოტივირებულ კამპანიაში ერთმანეთის მიყოლებით ერთვებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები, გარკვეული მედიასაშუალებები, თეოლოგები თუ სასულიერო პირები. არ ერიდებიან უწმინდესის დაკრძალვის ხარჯებზე საუბარს, ამტკიცებენ და საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ხვალ მღვდელმთავრები ეკლესიის მართვა გამგეობის დებულებას, მიტროპოლიტი შიოს სასარგებლოდ შეცვლიან და მას კონკურენტებს ხელოვნურად ჩამოაშორებენ.

რეალურად წმინდა სინოდი მხოლოდ პროტოკოლური და საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხების განსახილველად იკრიბება. სასულიერო პირები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მართვა გამგეობის დებულების შეცვლას არავინ გეგმავს. მსჯელობის საგანი კი მხოლოდ ისეთი საკითხები იქნება, როგორიც სინოდის გაფართოებული კრების ადგილის შერჩევა, დრო, სივრცის მოწყობა, დელეგატთა რაოდენობა და მათი ვინაობის განსაზღვრაა.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებებში უხეში ჩარევის მცდელობებზე დიდი ხანია საუბრობს სახელისუფლებო გუნდი. ქართული ოცნებისთვის ცხადია, რომ ქართველი ერის უმრავლესობის წინააღმდეგ, წასული უმცირესობა, ანტიეკლესიურ და ანტიქრისტიანულ კამპანიას, ეკლესიაში განხეთქილების შესატანად, გარე ძალების დახმარებით აწარმოებს.

სიძულვილითა და ზიზღით მოტივირებულ კამპანიაში ჩართული ოპოზიციური ფლანგის, ანტიქრისტიანულ განცხადებებს ვერ იხსენებენ ხელისუფლების ოპონენტები. იმის მიუხედავად, რომ ეკლესიასთან მებრძოლი თითოეული პირის ვინაობა დიდი ხანია ცნობილია, ოპოზიციას მოწოდებების კონკრეტული ადრესატები მაინც არ ჰყავს.

ყველაზე გავლენიან ინსტიტუტზე, გავლენის მოპოვების მცდელობა, ქვეყნის მტრობაა სახელისუფლებო გუნდისთვის. ქართულ ოცნებისთვის ეჭვგარეშეა ისიც, რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე ორკესტრირებული კამპანია შედეგს ვერც ახლა გამოიღებს.

წმინდა სინოდი, ხვალ 12 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიო მუჯირის მოწვევით იკრიბება.

დღის ამბები