ბრატისლავაში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი, სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში მიღებით დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტს დელეგაციის წევრებთან ერთად, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ უმასპინძლა. დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ კი, ორი ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრა, პირისპირ ფორმატში გამართა. საქართველო-სლოვაკეთს შორის არსებული დიალოგის გაღრმავება, ორმხრივი ვიზიტების დინამიკა, დარგობრივი ურთიერთთანამშრომლობის განვითარება - პრეზიდენტებმა თანამედროვე გლობალური გამოწვევების ეპოქაში ქვეყნებს შორის ღირებულებითი თანხვედრის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტი. როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებისას, ითქვა, რომ გლობალური დაკავშირებადობა და საქართველოს, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლის მზარდ როლს ალტერნატივა არ აქვს.
სლოვაკეთის პრეზიდენტის სიტყვებით, ბრატისლავა არის ადგილი დიპლომატიისთვის, დიპლომატია კი ერებს და სახელმწიფოებს შორის ნდობის შექმნისთვის აუცილებელია. ამიტომ, პეტერ პელეგრინის განმარტებით, ყველამ პატივი უნდა სცეს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოსადმი არასამართლიან მიდგომებზე გაამახვილა ყურადღება მიხეილ ყაველაშვილმაც.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, სამართლიან და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს. სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მსგავსად, ვიზიტის ფარგლებში, მიხელ ყაველაშვილმა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართა. ქართული დელეგაციის წევრებს, სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე გამახვილდა. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ყურადღება გაამახვილეს ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.
შეხვედრა გაიმართა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერთანაც. სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობები, ინვესტიცია, ტურიზმი, თავდაცვა და უსაფრთხოება, კულტურა, განათლება - მრავალფეროვანია იმ განსახილველი საკითხების ჩამონათვალი, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ, სექტორულ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. ბრატისლავაში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო "თავისუფლების კარიბჭის" მემორიალი. მემორიალი სლოვაკეთის დედაქალაქში 2005 წელს გაიხსნა და ის თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლოდ ითვლება.
მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკმა კოლეგამ დევინის ციხესიმაგრეც დაათვალიერებინა. მაღალი კლდის თავზე აგებულ დევინის ციხესიმაგრეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა - სწორედ აქედან კონტროლდებოდა სავაჭრო, თუ სამხედრო გზები. საქართველოს პრეზიდენტმა ბრატისლავას ძველი ისტორიული ქალაქი და წმინდა მარტინის საკათედრო ტაძარიც მოინახულა. ტაძრის ტერიტორია სტუმრებს წინამძღვარმა, პეტერ სლეპჩანმა დაათვალიერებინა. ბაზილიკურ ტაძარში ალექსანდრიის მართლმადიდებელი პატრიარქის, იოანე მოწყალის წმინდა ნაწილებია დასვენებული. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის წევრები სლოვაკეთში 1 აპრილიდან იმყოფებიან. პატივისცემის ნიშნად ბრატისლავას ციხესიმაგრეზე, საქართველოს დროშა გამოსახეს.
ავტორი: კესო ქაფიანიძე.