ირანთან კონფლიქტის დასრულება, ჰორმუზის სრუტის სტატუსი და ნატოს კრიტიკა - დონალდ ტრამპმა შტატების საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხებზე თეთრი სახლის პოზიცია გაახმოვანა. 20 წუთიანი გამოსვლისას შტატების პრეზიდენტმა ნატოს უსარგებლო უწოდა და ევროპელ ლიდერებთან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ გამართული სატელეფონო საუბრების შინაარსი გაასაჯაროვა. ბრიტანეთის პრემიერს ავიამზიდები დაუწუნა და ემანუელ მაკრონთან და მის მეუღლესთან დაკავშირებული პირადი ცხოვრების ეპიზოდიც გაიხსენა.
ტრამპის განცხადებებს საპასუხო რეაქციები უკვე მოჰყვა. საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით, თეთრი სახლის ლიდერის გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც მის პირად ცხოვრებას შეეხო, პასუხსაც არ იმსახურებს. მაკრონმა ამერიკელი კოლეგის სიტყვებს "არაელეგანტური და უღირსი" უწოდა. ამასთან, ელისეს სასახლე მიიჩნევს, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის იდეა, რომელიც ვაშინგტონმა წამოაყენა, არარეალისტურია.
ვაშინგტონის კრიტიკის ადრესატი გახდა ლონდონიც. თავად კირ სტარმერს თეთრი სახლის ლიდერის რეპლიკებზე განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების მიზნით საერთაშორისო კოალიციის შექმნის ინიციატივა უკვე წარადგინა. ლონდონის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ კონფერენციაში 40-ზე მეტი სახელმწიფო მონაწილეობდა, ცნობილია, რომ შეხვედრას თავად ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია არ დასწრებია.
ტრამპის განცხადებებს ეხმაურება მსოფლიო მედია, ''ფაინენშალ თაიმსის'' ინფორმაციით სპარსეთის ყურის ქვეყნები ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ჰორმუზის სრუტის ალტერნატიულ მარშრუტების შექმნას და ამ მიზნით ახალი მილსადენების მშენებლობას განიხილავენ. ცნობილია, რომ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომამდე ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის საზღვაო ექსპორტის მეხუთედი მოდიოდა. კონფლიქტის პირველივე დღეებში ირანმა სრუტეში გემების მოძრაობა დაბლოკა, რაც ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.