თბილისის მერმა, გადაცემა "ღამის კურიერში" სატრანსპორტო პოლიტიკასა და ქალაქში არსებული საცობების შესახებ ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.
მისივე თქმით, მერია ყველაფერს იზამს, რომ ხელი შეუწყონ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
"2012 წელს, დაახლოებით, 180 000 ავტომობილი გადაადგილდებოდა თბილისში, დღეს, 800 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება თბილისში პიკის საათის დროს. ეს ძალიან დიდი ციფრია და უდიდესი გამოწვევაა ჩვენი ქალაქისთვის. რაც შეეხება გასატარებელ ღონისძიებებს, არ იფიქროთ, რომ სატრანსპორტო ღონისძიებების პოლიტიკა ერთხელ მივიღეთ და მივყვებით იმას - ყოველდღიურად იცვლება ყველაფერი.
გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარებაში, ხელმისაწვდომობაში და აჩქარებაშია. ადამიანებს უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ მარტო საკუთარ ავტომობილზე არ იყოს დამოკიდებული.
ძალიან კარგად მესმის ადამიანების. ჩვენთან ეს სტერეოტიპი არსებობს, რომ მანქანა არის ფუფუნების საგანი და არა მხოლოდ გადაადგილებისთვის იყენებენ, შესაბამისად, ადრე ისეთი ცუდი მდგომარეობა გვქონდა, წლების წინ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, შეიძლება შეურაცხყოფაც კი ყოფილიყო ადამიანისთვის გეთქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრეო. მაგრამ ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ, მეტროს მოდერნიზებას ვაკეთებთ, ახალი ვაგონები შევისყიდეთ, ახალი სადგურების დამატებას ვაპირებთ, მეტროს ახალი ამოსასვლელები გაკეთდება. ეს კიდევ უფრო დატვირთავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს.
მახსოვს, ჭავჭავაძეზე ინფრასტრუქტურული პროექტი რომ განვახორციელეთ, თავიდან გარკვეული პრობლემები იყო გადაადგილების თვალსაზრისით, სანამ ადამიანები მიეჩვივნენ. დამოკიდებულებაზე მინდა გითხრათ, ერთ-ერთი ადამიანი სოციალურ ქსელში წერდა, ეს რა გააკეთესო, სამას მეტრში სუპერმარკეტში წავედი მანქანითო და ნახევარი საათი მოვუნდი იქ მისვლასო, ანუ სამასი მეტრისთვის გამოიყენა ავტომობილი, მაშინ, როდესაც შეიძლება ფეხით, სკუტერით, ველოსიპედით გადაადგილდეს ადამიანი, დღეს არის ამის შესაძლებლობა.
წლების წინ ქვეითად მოსიარულეთათვის ადგილი საერთოდ არ იყო, ყველაფერი ავტომობილებს ჰქონდა დაკავებული. დღეს შეიცვალა მიდგომა, დამოკიდებულება, ეს ჩვენც წავახალისეთ და უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდება ჭავჭავაძეზე, მელიქიძეზე ფეხით და ეს მისასალმებელია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ საგზაო ინფრასტრუქტურას, გადავანაწილოთ ყველაზე, რათა არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.