08 აგვისტო 2026,   22:38
ვრცლად
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა - რა მანიპულაციები უტარდებათ რეალურად მიუსაფარ ცხოველებს და უბრუნდებიან თუ არა ისინი ძველ სამყოფელს

"ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია" - ასე აფასებს შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიუსაფარ ცხოველებს აძინებენ ან კრემატორიუმში წვავენ. ბექა გიუნაშვილის თქმით, მტკიცებულებების გარეშე დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი სააგენტოს დისკრედიტაციაა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, გორში აქცია გაიმართა. თუმცა აქციის მონაწილეები მტკიცებულებების ნაცვლად მხოლოდ ვარაუდებით საუბრობენ.

"ცრუ აჟიოტაჟი და მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია" - ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, დეზინფორმაციის ავტორები პოლიტიკური პარტიები და ცხოველთა ის ე.წ. დამცველები არიან, რომლებიც სიცრუის ტირაჟირებით ხელისუფლებაზე შეტევას ცდილობენ.

ცხოველების და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა - სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. დემნა ხელაიას თქმით, მას შემდეგ, რაც მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია უტარდებათ, მათ კვლავ უსაფრთხო გარემოში აბრუნებენ.

ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ბრიფინგიც გაიმართა. ითქვა, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა დღეის მდგომარეობით 3 რეგიონში - კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში მიმდინარეობს.

"კურიერი" დღეს ქუთაისისა და გურჯაანის თავშესაფარშიც იმყოფებოდა, სადაც კიდევ ერთხელ განმარტეს თუ რა პროცედურები უტარდებათ ცხოველებს და როდის არის შესაძლებელი თავშესაფრის დატოვება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების ნაწილი, რომელსაც პროცედურები უკვე ჩაუტარდა, კვლავ გარემოს დაუბრუნდა.

დღის ამბები